მისი მასწავლებლობის ისტორია 2001 წლიდან იწყება, როდესაც პირველად შეაღო კლასის კარი და ქიმია-ბიოლოგიის გაკვეთილი ჩაატარა. 27 წლის წინ კი პირველად გახდა დედა და 6 განათლებული და წარმატებული შვილი აჩუქა ქვეყანას.
ლალი სოხაძე 12 წელია, რაც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის დირექტორია და ოჯახისა თუ სკოლის „დიასახლისობას“ წარმატებით უძღვება.
6 შვილზე ზრუნვის პარალელურად, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში, ინფრასტრუქტურული თუ სწავლის დონის ამაღლების კუთხით სკოლის განვითარებაზე მუშაობს და მცირეკონტიგენტიან სკოლაში 9 სერტიფიცირებული პედაგოგი ჰყავს, 4 კი წამყვანი მასწავლებლობისთვის იბრძვის.
ამბობს, რომ წარმატებული მოსწავლეებითა და შვილებით მდიდარი ადამიანია და რომ მრავალშვილიანი ოჯახი მეტი სიყვარულით, ერთმანეთზე ზრუნვითა და სითბოთი გამოირჩევა:
„4 გოგოსა და 2 ბიჭის პატრონი ვარ, უმცროსი 10 წლისაა და ჯერ კიდევ ჩემთან სწავლობს. ბავშვები ძალიან მეხმარებოდნენ ერთმანეთის აღზრდაში, განსაკუთრებით უფროსი გოგონა, რომელმაც დიდი პასუხისმგებლობა და და-ძმაზე მზრუნველობა აიღო საკუთარ თავზე. მახარებს, რომ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და იმედი აქვთ.“
ლალი სოხაძე შვილებს სკოლაშიც ასწავლიდა, ამბობს, რომ გაკვეთილზე ისინი ჩვეულებრივი მოსწავლეები იყვნენ, მეტიც, მათთან უფრო მკაცრი და მომთხოვნი იყო. განსაკუთრებით ისჯებოდნენ, თუ თანაკლასელს დავალება არ ჰქონდა მზად და გაკვეთილის დაწყებამდე ვერ მოასწრებდნენ მის დახმარებას:
„ყველაზე მნიშვნელოვანი რისი მიცემაც მოსწავლეებისა თუ შვილებისთვის შემეძლო განათლებაა. მხოლოდ ცოდნით იქნებიან ძლიერები და საკუთარ თავს, ოჯახსა და სამშობლოს გამოდგებიან. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, მასწავლებლობაში უპირველესი საქმისა და ბავშვის სიყვარულია. ეს გალახინებს სირთულეებს და გაძლევს მუხტს, რომ კიდევ უფრო მეტი შეძლო მომავლის საკეთილდღეოდ.“