ორი წლის წინ, განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე საქართველომ მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია მიიღო. აკრედიტაციის შედეგად, 2017 წლიდან საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდო იმართება, რომელმაც უკვე ორი გამარჯვებული გამოავლინა. ეროვნულ დონეზე გამარჯვებული ფულად ჯილდოს იღებს და შემდეგ, გლობალური ჯილდოს ერთ-ერთი მონაწილე ხდება. სწორედ, ამ ჯილდოს საუკეთესო ათეულშია ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, რომელიც 24 მარტს გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
რა არის მასწავლებლის გლობალური ჯილდო?
მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2015 წლიდან არსებობს. ჯილდოს დამაარსებელი და სულისჩამდგმელი მსოფლიო ფონდი varkey foundation-ის ხელმძღვანელი სანი ვარკეია. ფონდმა 2013 წელს მსოფლიოს 21 ქვეყანაში კვლევა ჩაატარა, რომელიც განათლების დონეს, პედაგოგების ხელფასს, სწავლების ეტაპებს, მოსწავლეების დამოკიდებულებას მასწავლებლებისადმი და განათლების მიდგომებს ეხებოდა. კვლევის შედეგები ფონდს საშუალებას აძლევდა შეედარებინა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები პედაგოგების მდგომარეობა და მათი სტატუსი. შედეგების მიხედვით ნათელი გახდა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში პედაგოგის სტატუსი მოსახლეობისთვის არაფერ ღირებულს არ წარმოადგენდა. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ დაარსებულიყო ისეთი ჯილდო, რომლის პირველი და ძირითადი მიზანი მსოფლიოში მასწავლებლების სტატუსის ამაღლება იქნებოდა.
გლობალური ჯილდო არის პლატფორმა, რომელიც პედაგოგებს აძლევს საშუალებას წარმოაჩინონ საკუთარი თავი მსოფლიო მასშტაბით და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, რომელიც სკოლაში მუშაობისას მიიღეს. გამარჯვებულს სპეციალური ჟიური ავლენს, რომელიც ცნობილი მწერლებისგან, ჟურნალისტებისგან, სახელმწიფო მოხელეებისგან, განათლების სფეროს წარმომადგენლებისგან და ფონდის ხელმძღვანელობისგანაა დაკომპლექტებული. ოთხი წლის მანძილზე გლობალურმა ჯილდომ 5000 ნომინაცია და 127 ქვეყანა გააერთიანა და მას ჟურნალისტებმა სრულიად სამართლიანად უწოდეს „მასწავლებლების ნობელის პრემია“.
რას საქმიანობს Varkey Foundation?
სანი ვარკეი „ვარკეის ფონდის” დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. ფონდმა აქტიური საქმიანობა 2010 წლიდან დაიწყო. ორგანიზაციის წევრებმა მიზნად, უპირველეს ყოვლისა, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა დაისახეს. მობილიზებული რესურსების გამოყენებით ფონდი ათამდე უღარიბეს ქვეყანაში ახორციელებს მასწავლებელთა დახმარების პროექტებს, ხელს უწყობს ქალთა განათლების ხარისხის უზრუნველყოფას და აშენებს ახალ სკოლებს. ფონდის მონაწილეობით ყოველწლიურად 21 ქვეყანაში სპეციალური კვლევა ტარდება. კვლევის საფუძველზე პერიოდულად ქვეყნდება „მასწავლებელთა საერთაშორისო ინდექსი”, რომლის მიხედვითაც პედაგოგთა სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებსა და რეალურად არსებულ პირობებს შორის სხვაობას ზომავენ. არსებულ მონაცემებს აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და კვლევაში მოხვედრილ სახელმწიფოთა მთავრობები, რათა უკეთ დაგეგმონ განათლების პოლიტიკის ზოგიერთი მიმართულება.
რა კრიტერიუმებით ვლინდება მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი?
მასწავლებელთა გლობალური პრიზის მოსაპოვებლად წარდგენილ კანდიდატს ჟიური ექვსი ძირითადი კრიტერიუმით აფასებს:
1. აღიარებულია თუ არა პედაგოგი მოსწავლეების, მოსწავლეთა მშობლების, კოლეგების, დირექტორის, პროფკავშირელებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ საკუთარი საქმის პროფესიონალად;
2. როგორ იყენებს გაკვეთილზე ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ორიგინალურ სასწავლო სტრატეგიებს;
3. რა ტიპის ურთიერთკავშირის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს მოსწავლეებსა და საზოგადოებას შორის; გრძნობენ თუ არა მოსწავლეები სოციალურ პასუხისმგებლობას საკუთარი საზოგადოების მიმართ;
4. რით უწყობს ხელს მასწავლების პროფესიის პოპულარიზებასა და განვითარებას (კამპანიები, სოციალური და მასობრივი მედია, კონფერენციები, საჯარო განხილვები, სამეცნიერო სტატიები);
5. რა წარმატებისთვის მიუღწევიათ მის მოსწავლეებს შესაბამის სფეროში; აქვთ თუ არა მათ მდიდარი სამუშაო გამოცდილება;
6. როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მოსწავლეებს საერთაშორისო თანამშრომლობის, ხალხთა შორის მეგობრობის, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მიმართ; მონაწილეობენ თუ არა საერთაშორისო ღონისძიებებში.
ვინ არიან წინა წლების გამარჯვებულები?
2015 წელს გლობალური ჯილდოს გამარჯვებული ამერიკელი პედაგოგი ნენსი ეტველი გახდა. მას ჯილდო ინგლისური ენის ნოვატორული სწავლებისთვის მიენიჭა. მისი მოსწავლეები წელიწადში 40 წიგნის წაკითხვას ახერხებდნენ და ნენსიმ ჟიური სწორედ ამით მოხიბლა. დღეს ნენსი ეტველი ინოვაციური სწავლების შესახებ 9 წიგნის ავტორი და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელია, რომელიც პედაგოგებს განსხვავებული მიდგომებითა და მეთოდებით სწავლას ასწავლის.
2016 წელს ჯილდოს მფლობელი პალესტინელი მასწავლებელი ჰანან ალ ჰრუბი გახდა.
2017 წელს ჟიურიმ ჯილდო კანადელ ინუიტ (კანადის აბორიგენი მოსახლეობის, ესკიმოსების ჯგუფის წარმომადგენელი) პედაგოგს კვებეკიდან, მეგი მაკდონელს მიანიჭა.
2018 წელს კი 1 000 000 დოლარი და მსოფლიო აღიარება ხელოვნების მასწავლებელს, ლონდონელ ანდრია ზაფირაკოუს ერგო.
2019 წელს კი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან: დებორა გურაფლო - ბრაზილია; დეიზი მერტენსი - ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტი - დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა - ინდოეთი; მელისა სალგუერო - აშშ; მარტინ სალვეტი - არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარანი - ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო - იაპონია; პიტერ ტუბიში - კენია.
ჯილდოს გავლენა და დუბაი
გლობალური ჯილდო იმდენად პოპულარულია, რომ მას გულშემატკივარი მთელ მსოფლიოში ჰყავს. მათ შორის არიან: ბილ გეითსი, ტონი ბლერი, ბილ კლინტონი და იორდანიის დედოფალი რანია ალ აბდულალაჰი. ვარკეი ფონდის საქმიანობას აქტიურად უჭერს მხარს მისი უმაღლესობა შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი, ასევე დუბაის საამიროს მმართველი. ფაქტობრივად, დაჯილდოება მისი პატრონაჟით იმართება და წელსაც სწორედ დუბაის განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმი მასპინძლობს მსოფლიოს გამორჩეულ მასწავლებლებს, რომელთაგან ერთ-ერთი სახლში მსოფლიო სტატუსით და 1 000 000 დოლარით დაბრუნდება.