პირველკლასელთა მშობლებს შესაძლოა, სკოლაში აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწიოთ
19-03-2019

პირველკლასელთა მშობლებს სკოლაში სხვა დოკუმენტებთან ერთად შესაძლოა, აცრების დამადასტურებელი ცნობის წარდგენაც მოუწიოთ.

აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც აბულაძემ განმარტა, პირველ ეტაპზე მშობლებს აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ უწევთ, თუმცა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 2019 წლის ივნისიდან ამის საჭიროება შესაძლოა დადგეს.

„ამ ეტაპზე ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, იმ ფაქტის გამო, რომ გამძვინვარებული იყო წითელას ეპიდემია, დავაგზავნეთ წერილები რეკომენდაციით, რომ სკოლებმა მოითხოვონ დოკუმენტაცია მშობლებისგან აცრებთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ეტაპზე სავალდებულო დოკუმენტაციაში აცრების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არ დევს. თუმცა, აქვე ვიტყვი იმას, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ივნისიდან შედის ძალაში აცრების სავალდებულოობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კანონის ამოქმედების შემდეგ რა ვალდებულებებიც გვექნება ჩვენ, განათლების სისტემას და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, რასაც აუცილებლად ვაცნობებთ მშობლებს“, - განაცხადა აბულაძემ.

იხილეთ ასევე:  2019 წლიდან სკოლებსა და ბაღებში ჩარიცხვისას შესაძლოა სავალდებულო გახდეს აცრის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203