უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მიმართულებით გარკვეული ცვლილებები 2020 წლიდან შევა. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რამდენი უფასო ფაკულტეტი დაფინანსდება და რა მოდელით.
ირინა აბულაძემ ასევე განაცხადა, რომ კანონში შესაძლოა, უმაღლესების საბაზო დაფინანსების მოდელის შესახებ ჩანაწერი გაჩნდეს.
„უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2019 წლის საშემოდგომო პერიოდისთვის გვინდა, რომ კანონში აისახოს ცვლილება და საბაზო დაფინანსების მოდელის ჩანაწერი გაჩნდეს. მსოფლიო ბანკთან ერთად ვამუშავებთ სხვადასხვა მოდელის დაფინანსებას. ეს გულისხმობს საბაზო დაფინანსებას და ასევე დიფერენცირებული გრანტების გაცემის შესაძლებლობას მომავალში. თუმცა, წელს ყველაფერი ისევე რჩება, როგორც არის დაფინანსების კუთხითაც და ფაკულტეტების კუთხითაც.
2020 წლიდან გარკვეული ცვლილებები შევა. ამ ეტაპზე კონკრეტულად რა ცვლილებები შევა ამას ვერ მოგახსენებთ. ზაფხულამდე სხვადასხვა ფინანსური ვარიანტის ანალიზი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, განსხვავებული სპეციფიკა არსებობს, გვაქვს დიდი უნივერსიტეტები და შედარებით მცირე რეგიონული სასწავლო უნივერსიტეტები, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული დარგებისთვის და რეგიონებისთვის, ამიტომ დაფინანსების მოდელმა ცხადია, უნივერსიტეტებს უნდა მისცეს განვითარების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომელი სპეციფიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ამიტომ ამ ფინანსური დათვლის და მოდელირების შემდეგ შევიტანთ კონკრეტულ ცვლილებებს დაფინანსების წესში“, - განაცხადა აბულაძემ.