განათლების სამინისტროში თბილისის N23 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლეს
19-03-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის, შვეიცარიის, კანადის, ბელგიის, რუმინეთისა და მოლდოვის საელჩოები სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებებთან ერთად, ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღეებს აღნიშნავენ. 

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, თბილისის N23 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს უმასპინძლა. 

ღონისძიების ფარგლებში, ირინა აბულაძემ ფრანგულენოვან კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის, მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის სახელით, ფრანგული სახელმძღვანელოები და საჩუქრები გადასცა. 

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მოკლედ მიმოიხილა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობა და აღნიშნა, რომ გაეროს წევრი ქვეყნების მოსახლეობის ერთი მესამედი და ხუთივე კონტინენტის 220 მილიონზე მეტი ადამიანი ფრანგულ ენაზე მეტყველებს, ფრანგულენოვანი მოსახლეობა კი, გერმანულენოვანი მოსახლეობის შემდეგ, ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანია.

როგორც ცნობილია N23 საჯარო  სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება ფრანგული ენა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, არაერთი ღონისძიება და კონკურსი იმართება. შეხვედრაზე ფრანგული ენის სწავლებასთან, ფრანგულენოვან კონკურსებთან დაკავშირებით და თავიანთ მოტივაციაზე მოსწავლეებმაც ვრცლად ისაუბრეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203