რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა "მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019"-ის გამარჯვებულის ვინაობა.
მისი მფლობელი კენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი გახდა. გადაწყვეტილების შესახებ დუბაიში, პედაგოგების დაჯილდოებისას გამოაცხადეს. ტაბიჩი პრიზის სახით მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.
2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, წელს ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა. დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა პირადად მიულოცა მას მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვედრა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
რაც შეეხება გამარჯვებულს, პიტერ ტაბიჩს საინტერესო ისტორია აქვს. სკოლა, სადაც პიტერი ასწავლის, კენიის ცენტრისგან მოშორებით, ღარიბ რეგიონში მდებარეობს. იქ გვალვა, სიღარიბე, შიმშილი ყოველდღიურობაა. ბავშვების დიდი ნაწილი სრულად ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს. სერიოზული პრობლემაა ნარკომანია, თვითმკვლელობა, ადრეულ ასაკში ფეხმძიმობა და გათხოვება.
მასწავლებლის ხელფასის თითქმის 80 პროცენტი მათ დასახმარებლად იხარჯება. ის ეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის პროექტების შექმნაში. მისი გუნდები მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებზე და სწორედ იქ წარადგენენ ნამუშევრებს.