რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას 
25-03-2019

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო და 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას კი აბიტურიენტებმა განსაკუთრებული ყურადღება რამდენიმე საკითხზე უნდა გაამახვილონ, მათ შორის, აკრედიტირებულია თუ არა პროგრამა, რა საგანი ბარდება, რა ენაზეა სწავლება და ა.შ.

უფრო კონკრეტულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებმა სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას ყურადღება შემდეგ საკითხებზე უნდა გაამახვილონ:

– აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);

– გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

– მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;

– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი;

კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება.

– საგანთა პრიორიტეტი.

საგანთა პრიორიტეტის გათვალისწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი აბიტურიენტი დააგროვებს ერთნაირ საკონკურსო ქულას საგანმანათლებლო პროგრამისათვის გამოყოფილი ადგილების მიჯნაზე.

მაგალითად: კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არის 20 ადგილი. ცხადია, სწავლის გაგრძელების უფლება უნდა მოიპოვოს საუკეთესო შედეგის მქონე 20  აბიტურიენტმა, მაგრამ მე-20 პოზიციაზე აღმოჩნდა ორი ზუსტად ერთნაირი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი. ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც უფრო მაღალი შეფასება ექნება პრიორიტეტული საგნის გამოცდაში.

გახსოვდეთ, თქვენ მიერ არჩეული პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის!

ასევე უნდა გაითვალისწინოთ:

– საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა (საბოლოო ინფორმაცია);

– საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური;

– საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა;

– ორი ან მეტი არჩევითი საგნის მითითების შემთხვევაში ამ გამოცდებისათვის დაწესებული კვოტები;

– თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;

– რაიმე სახის ფუნქციონალური დარღვევის შემთხვევაში (მოტორული, სმენითი, მხედველობითი და სხვ.) ივსება სპეციალური გრაფა. ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) აბიტურიენტმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოს 2019 წლის 2 მაისის ჩათვლით;

– ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღნიშნული თარიღის შემდგომ ცნობის წარდგენისას აბიტურიენტი ვერ ისარგებლებს სპეციალური პირობებით. 2019 წლის 2 მაისის შემდგომ წარმოშობილი ფუნქციური დარღვევის შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა წარედგინოს ასეთი დარღვევის წარმოშობიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა;

– გამოცდებამდე ან გამოცდების პერიოდში ინფექციური დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ან საგამოცდო ცენტრს გამოცდების დაწყებამდე, რათა ცენტრმა უზრუნველყოს აბიტურიენტისათვის სპეციალური პირობების შექმნა;

– გამოცდებამდე ან გამოცდების პერიოდში აბიტურიენტის დაკავების/დაპატიმრების შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რათა ცენტრმა უზრუნველყოს აბიტურიენტის გამოცდაზე დასაშვებად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

გახსოვდეთ! რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის (3 აპრილი) დასრულების შემდეგ აბიტურიენტს არ შეეძლება შეცვალოს საგამოცდო ქალაქი (თუმცა აქვს უფლება, 7 მაისის ჩათვლით დაამატოს ან წაშალოს არჩეული საგანი, შეცვალოს ზოგადი უნარების გამოცდის ენა ან ჩაანაცვლოს მითითებული საგანი სხვა საგნით). 7 მაისის შემდეგ საგნების ჩამონათვალში ცვლილების შეტანა აღარ იქნება შესაძლებელი.

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში პროგრამის დამატება ან წაშლა შესაძლებელია აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203