ბავშვები, რომლებსაც 1-ელ იანვრამდე 6 წელი უსრულდებათ, შესაძლოა პირველ კლასში მიიღონ - პარლამენტს პეტიციის განხილვა დაევალა
25-03-2019

ბავშვები, რომლებსაც 1-ელ იანვრამდე 6 წელი უსრულდებათ, შესაძლოა პირველ კლასში მიიღონ. აღნიშნული ინიციატივის შესახებ პარლამენტში მოქალაქეებმა პეტიცია წარადგინეს. 

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით პეტიციის განხილვა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაევალა.

„მოვითხოვთ, შევიდეს ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ, სკოლაში მიიღებოდნენ ის ბავშვები, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. ან/და მიღება იყოს ინდივიდუალური, ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის და მისი შეფასების, გამოცდის/გასაუბრების საფუძველზე“,-აღნიშნულია პეტიციაში.

ასევე, manifest.ge-ზე მეორე პეტიცია - „სექტემბრის ბავშვების“ პირველ კლასში შესასვლელად გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ავტორები ითხოვენ დაიშვას რეგისტრაცია პირველ კლასში შესასვლელად იმ ბავშვებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ბაგა-ბაღის დამამთავრებელ ჯგუფში და 30 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი.

„მოგეხსენებათ, 2019-2020 სასწავლო წელი სავარაუდოდ დაიწყება 2019 წლის 16 სექტემბერს, ხოლო თუ ბავშვს 6 წელი უსრულდება 17 სექტემბერს ვერ შეძლებს პირველ კლასში შესვლას. პეტიცია ემსახურება კანონში ცვლილების მოთხოვნას, შემდეგი შინაარსით: დაიშვას რეგისტრაცია პირველ კლასში შესასვლელად იმ ბავშვებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ბაგა-ბაღის დამამთავრებელ ჯგუფში და 30 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი. აღნიშნულ ჯგუფში ბავშვები გადიან სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამას და შესაბამისად სრულიად მზად არიან პირველ კლასში შესასვლელად“, -  ნათქვამია პეტიციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203