„კლასში ძალიან ბევრი ბავშვის ყოფნა მასწავლებელს გაკვეთილზე მაქსიმალური ინტერაქციის გარემოს შექმნის საშუალებას არ აძლევს“- პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძე 13-15 მოსწავლით დაკომპლექტებული კლასების აუცილებლობაზე საუბრობს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მომდევნო 5-6 წლის მანძილზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება.
მოსწავლეთა რა რაოდენობის შემთხვევაში არის შესაძლებელი ჯანსაღი საგაკვეთილო პროცესის წარმართვა? - აღნიშნულ საკითხზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ხადური:
„ვფიქრობ, საგაკვეთილო პროცესის ნორმალურად წარმართვისთვის, კლასში მინიმუმ 15 და მაქსიმუმ 30 ბავშვი უნდა იყოს. ძალიან რთულია მრავალრიცხოვან კლასთან მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ დროს შეუძლებელი ხდება მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობა. ნაკლებად პრობლემურია შემთხვევა, როდესაც კლასში ნაკლები რაოდენობის ბავშვია, თუმცა შესაძლებელია აქ ვაწყდებით სხვა პრობლემას. ეს არის მოსწავლეთა ის კონკრეტული უნარები, რომლებსაც ისინი თანაკლასელებთან ურთიერთობის შემთხვევაში გამოიმუშავებენ“.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის საჯარო სკოლის დირექტორი თამილა ლომიძე:
„კლასში მინიმუმ 10, ხოლო მაქსიმუმ 25 მოსწავლე უნდა იყოს. შეუძლებელია 45 წუთის განმავლობაში მრავალრიცხოვან კლასში დრო ჯანსაღად გადაანაწილო და თითოეულ მოსწავლეს თანაბარი ყურადღება მიაქციო. მართალია, ერთი კითხვითაც დაადგინო მოსწავლის ცოდნის დონე, თუმცა მაინც ვფიქრ9ობ, რომ უმჯობესია კლასში მოსწავლეთა რიცხვი არ აღემატებოდეს 25-ს. მქონია შემთხვევა, როდესაც კლასში ძალიან ცოტა მოსწავლე მყავს. სიმართლე გითხრათ, ეს სრულებით არ წარმოადგენს პრობლემას. პირიქით, შესაძლებელია ასე უკეთეს შედეგს მიაღწიოს პედაგოგმა. თითოეულ მოსწავლეს მეტი დრო დაუთმოს და მოსწავლეთა ცოდნის ხარისხიც უფრო მაღალი იყოს“.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალისოფლის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ჯოჯუა:
„ჩემი აზრით, გაკვეთილზე 14 მოსწავლე მაინც უნდა ესწრებოდეს. მაქსიმალური რაოდენობა კი არის ალბათ 20-22 ბავშვი. გადაჭარბებული რაოდენობის შემთხვევაში, როდესაც კლასში 30-34 მოსწავლეა, კლასის მართვა რთული ხდება. ამას რომ თავი დავანებოთ, 45 წუთიანი გაკვეთილის შემთხვევაში, თითოეულ მოსწავლეს თითო წუთი ერგება და ეს ძალიან მცირე რაოდენობაა. როდესაც ვსაუბრობთ მცირეკონტიგენტიან სკოლებში, სადაც კლასში 4-5 მოსწავლეა, სხვა პრობლემას ვაწყდებით. მართალია ამ შემთხვევაში პედაგოგს მეტი დრო აქვს თითოეული მოსწავლისთვის, მაგრამ არ არსებობს კონკურენტული გარემო უშუალოდ მოსწავლეებისთვის. ამდენად, ყველაზე კარგი ვარიანტია დაახლოებით 14-15 მოსწავლე“.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი მზევინარ დემეტრაშვილი:
„ნორმალური გაკვეთილის ჩატარებისთვის ვფიქრობ, მაინც აუცილებელია გაკვეთილზე 10-15 მოსწავლე იჯდეს. მოსწავლეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20-25 ბავშვს. გადაჭარბებული რაოდენობის შემთხვევაში, რთულია ყველა მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. რაც შეეხება მოსწავლეების სიმცირეს კლასში, ამასაც აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. მე პირადად მყავს კლასი, სადაც მხოლოდ 3 მოსწავლეა. მიუხედავად მოსწავლეთა სიმცირისა კონკურენტული გარემო არის, თუმცა ამ შემთხვევაშ ვერ ხერხდება ჯგუფური სამუშაოების იმ ხარისხში შესრულება, როგორც საჭიროა“.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის დირექტორი მზიური ოდიშარია:
„ჩემი აზრით, არცერთ კლასში არ უნდა იყოს, მოსწავლეთა რაოდენობა 15-18 ბავშვს ზემოთ. გადაჭარბებული რაოდენობა ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. მოსწავლეები ვერ ახერხებენ ყურადღების მობილიზებას. მასწავლებლისთვისაც რთულია, თითოეული მოსწავლის გამოკითხვა და მისი ცოდნის დონის შემოწმება. არც ის არის სასურველი, რომ მოსწავლეების რაოდენობა იყოს 10 -ს ქვემოთ. ამ შემთხვევაში, მართალია ბავშვები მეტად იქნებიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში, თუმცა არ იარსებებს ჯანსაღი კონკურენცია. ამდენად, ვფიქრობ, რომ კლასში 15-16 ბავშვი არის საუკეთესო ვარიანტი“.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო სიმონიშვილი:
„ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და კლასში 3-4 ბავშვი გვყავს. ჩვენ ძალიან გვინდა კლასში ბევრი მოსწავლე გვყავდეს, თუმცა სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ვფიქრობ , 10-15 ბავშვი გაკვეთილზე არის ის საუკეთესო რაოდენობა, როდესაც პედაგოგიც ადვილად ახერხებს თითოეულ მოსწავლესთან მუშაობას და ბავშვებიც მაქსიმალურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლის მაგალითზე, შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც კლასში 3-4 ბავშვია, ამას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. მართალია პედაგოგი ახერხებს, თითოეული მოსწავლე იყოს მაქსიმალურად მობილიზებული და ჩართული, მოსწავლეები მაინც ვერ ახერხებენ ცოდნის გამტკიცებას“.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის საჯარო სკოლის დირექტორი კახა ღონღაძე:
„კარგი გაკვეთილის ჩატარებისთვის, ვფიქრობ, მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 ბავშვი უნდა კლასში. მოსწავლეთა ჭარბმა რაოდენობამ, შესაძლებელია საგაკვეთილო პროცესს არ შეუშალოს ხელი, თუმცა თითოეული მოსწავლის ცოდნის დონის შემოწმება პედაგოგისთვის რთული ხდება. რაც შეეხება, პირიქით, მოსწავლეთა მცირე რაოდენობის შემთხვევაში, კონკურენტული გარემოც სუსტდება და აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მოსწავლეები ვერ ახერხებენ ერთმანეთის გამოცდილებით სწავლებას“.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა გოჭაშვილი:
„კლასში მოსწავლეთა საშუალო რაოდენობა, ალბათ 10-დან 15- მდე უნდა იყოს. გადაჭარბებულ რაოდენობას უამრავ პრობლემამდე მივყავართ. შეიძლება იყოს ეს ყურადღების გაფანტვა. მოსწავლეები კარგავენ გაკვეთილზე მობილიზების უნარს და შეუძლებელი ხდება ეფექტიანობის მიღწევა. ხოლო როდესაც ცოტა მოსწავლეა კლასში, ნაკლებია კონკურენცია ბავშვებს შორის და არც ამ შემთხვევაში მიიღება საუკეთესო შედეგი“.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ჯოჯუა:
„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია. კლასში 3, 5 და 8 ბავშვი გვყავს. ამდენად, შემიძლია ჩვენი სკოლის მაგალითზე ვთქვა, რომ ასეთ სკოლებში პედაგოგი მეტ ყურადღებას აქცევს თითოეულ მოსწავლეს. ნამდვილად არ არის დასაშვები კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატებოდეს 25-ს. ეს რთულია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე პედაგოგისთვის, რომელმაც თანაბარი დრო უნდა დაუთმოს თითოეულ მოსწავლეს“.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლის დირექტორი ასმათ ბერიძე- კოპაძე:
„ვფიქრობ, ნორმალური გაკვეთილის წარმართვისთვის, 10-15 მოსწავლე არის ძალიან კარგი რაოდენობა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლეების შესაძლებლობები, ხშირ შემთხვევაში, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომები სჭირდება, მოსწავლეთა ჭარბი რაოდენობა დიდ პრობლემებს ქმნის საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას. ასევე ძალიან რთულია, როდესაც კლასში მხოლოდ 3 და 4 მოსწავლეა. ასეთ დროს შეუძლებელი ხდება ორგანიზების ფორმების გამოყენება. ჭირს თანამშრომლობითი უნარების განვითარება და ჯგუფური მიდგომების განხორციელება“.
კასპის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ხითარიძე:
„ვფიქრობ, ნორმალური გაკვეთილის ჩატარებისთვის, კლასში 15 მოსწავლე მაინც უნდა ირიცხებოდეს. მე მყავს მეექვსე კლასში 31 ბავშვი. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. ასეთ დროს რთულია პედაგოგისთვის ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა და ორგანიზება. საჭიროა მეტი ძალისხმევა დისციპლინის დასამყარებლად და კლასის სამართავად“.