უნდა მიიღონ თუ არა პირველ კლასში ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ იანვრამდე უსრულდებათ - დირექტორების შეფასებები
27-03-2019

ბავშვები, რომლებსაც 1-ელ იანვრამდე 6 წელი უსრულდებათ, შესაძლოა პირველ კლასში მიიღონ. აღნიშნული ინიციატივის შესახებ პარლამენტში მოქალაქეებმა პეტიცია წარადგინეს.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით პეტიციის განხილვა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაევალა. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Etaloni.ge დირექტორებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყალის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია ჭოლოკავა- დეკანოსიძე:

„ჩემი აზრით, როცა 2-3 თვეზე ვსაუბრობთ, დიდი განსხვავება არ არის და ვფიქრობ, ერთიდაიგივეა 5 წლის შევა ბავშვი სკოლაში თუ 6 წლის. მე პირადად 5 წლის ვიყავი, როცა პირველ კლასში ჩავირიცხე და ოქტომბერში 6 წლის გავხდი. არ შემქმნია პრობლემა მასალის ათვისების ამ რაიმე სხვა კუთხით. ამდენად ვფიქრობ, რომ ამ ვადის გაზრდა ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ კეჭაყმაძე:

„ჩემი აზრით აქ მშობელს უნდა მივცეთ გადაწყვეტილების მიღების უფლება. რაც შეეხება ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს და პირველ კლასში გათვალისწინებული მასალის ათვისების უნარს, ვფიქრობ, ეს პედაგოგზეა დამოკიდებული. ამდენად, მგონია, რომ არაფერს წყვეტს ეს რამდენიმე თვე და 5 წლის ბავშვის სკოლაში მიღება ნამდვილად დასაშვებია“.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ნამორაძე:

„ზოგადად, მე 5 წლის ბავშვების სკოლაში შესვლა არასოდეს მომწონდა. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ამ ასაკში სკოლაში მისვლა უარყოფითად ისახება მათზე. უჭირთ არა პირველ და მეორე კლასში, არამედ როდესაც უკვე მეხუთე- მეექვსე კლასებში გადადიან. ამ რიცხვის გადავადება 4 და 6 თვით ნამდვილად არ შეიძლება, რადგან მოგეხსენებათ, რამდენად დიდია სხვაობა 6 თვისა და ერთი წლის ბავშვს შორის. ხუთი წლის ბავშვისთვის ეს არის ასაკი, როდესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ თვეს. შესაძლებელია ამ დროის გადავადება 15 ოქტომბრამდე, თუმცა პირველ იანვრამდე, ვფიქრობ, დაუშვებელია“.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის დირექტორი შალვა ლილუაშვილი:

„მაგაზე მე ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივედი დასკვნამდე, რომ ამ საკითხზე მუშაობენ ფსიქოლოგები, ის ადამიანები, რომლებმაც უკეთესად იციან ბავშვის ფსიქიკური თუ ფიზიკური მზაობის შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ მე ამ საკითხში არ ვარ იმდენად კომპეტენტური და პროფესიით ისტორიკოსი ვარ, ვეთანხმები ფსიქოლოგების და სპეციალისტების აზრს“.

თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ედილაშვილი:

„ამ საკითხთან დაკავშირებით მარტივად პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან თითოეული ბავშვის შემთხვევაში, ეს არის ინდივიდუალური. შესაძლებელია 5 წლის ასაკში ბავშვისთვის პრობლემას წარმოადგენდეს მასალის ათვისება და შესაძლებელია პირიქით, ძალიან მარტივად შეძლოს მან ამ პროგრამის გავლა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოგვიანებით იჩენს ხოლმე პრობლემები თავს. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ფსიქოლოგებმა უნდა იმუშაონ და განსაზღვრონ ბავშვის ის კონკრეტული ასაკი, როდესაც ბავშვი სკოლაში უნდა მივიდეს“.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის საჯარო სკოლის დირექტორი მერი ვაჩეიშვილი:

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ კვლევა. სხვადასხვა მასალებზე დაყრდნობით და საკუთარი გამოცდილებების შეჯამებით მივედით იმ დასკვნამდე რომ 5 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანა არის მისაღები. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ეს ვადა იქნეს გადაწეული 31 დეკემბრამდე. არ იყოს აკრძალული 5 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანა და შემდეგ უკვე მშობელმა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა მას, რომ 5 წლის ბავშვი მიიყვანოს სკოლაში“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირინა მაისურაძე:

„ეს არის ის მნიშვნელოვანი თემა, რომელთან დაკავშირებითაც სკოლების დირექტორებს ყოველთვის გვაქვს პრობლემა. ხშირად ხდება, რომ მშობლებს ვერ ვარწმუნებთ, როდესაც ერთი დღეა განსხვავება არ გვაქვს უფლება ბავშვი ჩავრიცხოთ კლასში. მე ვფიქრობ, რომ 6 წლის ასაკში ბავშვი მეტად არის ჩამოყალიბებული და მეტად შეუძლია აითვისოს პირველი კლასელისთვის გათვალისწინებული მასალა სრულყოფილად. შესაძლებელია, ბავშვმა 5 წლის ასაკშიც შეძლოს და დაძლიოს მასალა, თუმცა ხშირად ხდება ხოლმე, რომ ბავშვის ადრეულ ასაკში სკოლაში შეყვანა მომდევნო კლასებში იჩენს თავს სხვადასხვა პრობლემის სახით. ამდენად, ვფიქრობ, რომ არ არის სასურველი ამ ვადამ გადაიწიოს და მივიღოთ სკოლაში 5 წლის ბავშვი, რომელიც 4 და 5 თვის შემდეგ შესრულდება 6 წლის“.

ბათუმის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თავართქილაძე:

„ვფიქრობ, მისაღებია ბავშვი სკოლაში შედიოდეს 6 წლის ასაკში. ამ ასაკში ბავშვი ჩამოყალიბებულია, აზროვნებს და შეუძლია მეტად იყოს მობილიზებული და ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ამდენად, ვფიქრობ, რომ ამ ცვლილების შეტანა არ არის აუცილებელი და ისევ 16 სექტემბერი უნდა დარჩეს სავარაუდო თარიღად. რადგან ამ 3 და 4 თვესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გეგეჭკორი:

„ამ საკითხთან დაკავშირებით, შემიძლია საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გიპასუხოთ. ვფიქრობ, რომ არ წარმოადგენს პრობლემას 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა, თუ ის 4-5 თვეში გახდება 6 წლის. ამ საკითხზე გარკვეულწილად პასუხისმგებელია მშობელი, რომელმაც უკეთესად იცის ბავშვის გონებრივი შესაძლებლობები და მზაობა. ამდენად, ვფიქრობ ეს რამდენიმე თვე ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას“.
 
პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი ნინო სულიაშილი- არაბული:

„მართალია თითოეულ თვეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის, თუმცა ვფიქრობ, რომ დასაშვებია 5 წლის ბავშვის სკოლაში მიღება, თუ ის პირველ იანვრამდე გახდება 6 წლის. მე ხუთი წელია დირექტორი ვარ და ჩემი დაკვირვების და გამოცდილების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ საგანგაშო განსხვავება ნამდვილად არ არის ბავშვების აკადემიურ მოსწრებას შორის, მაშინ, როდესაც ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ რამდენიმე თვეა“.

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის დირექტორი ჯეირან კოღუაშვილი:

„ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება აქვს. იყო პერიოდი, როდესაც 5 წლის ბავშვებს პირველ კლასში ვღებულობდით. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ იმ დროისთვის გათვალისწინებული პირველი კლასელის პროგრამა 5 წლის ასაკის ბავშვებისთვის რთული და დამღლელი იყო. თუმცა მას შემდეგ პროგრამაც შეიცვალა, ბავშვებიც მეტად გონებაგახსნილები არიან, ბაღებიდან მეტად მომზადებულები მოდიან და ვფიქრობ დღეს უკვე ადვილია 5 წლის ბავშვისთვის ამ მასალის დაძლევა, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ბავშვები, რომლებიც პირველ იანვრამდე გახდებიან 6 წლის, უკვე უნდა ირიცხებოდნენ პირველ კლასში“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203