საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს სურვილი აქვს, რომ სკოლის პროგრამებში გალობა და ხალხური სიმღერა შევიდეს.
ამის შესახებ ილია მეორემ საპატრიარქოში ქართული გალობის ანთოლოგიის მრავალტომეულის პრეზენტაციაზე განაცხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მღვდელმთავრები, ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
„მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება ამას“, – განაცხადა ილია მეორემ.
თავის მხრივ, როგორც მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ქართული გალობა და ზოგადად, პოლიფონია ეს არის ჩვენი უნიკალური შენატანი ქრისტიანულ ცივილიზაციაში და ზოგადად, მსოფლიო ცივილიზაციაში.”
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფოლკლორის ცენტრი საქართველოს მასშტაბით 21 სკოლაში დაახლოებით 800-მდე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლოს უნიკალური ქართული გალობა. წელს კი ამ რიცხვს შვიდი ახალი სკოლა დაემატება.
„კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ჯგუფის ყველა წევრს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ ამ უნიკალური წიგნების გამოსაცემად, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი, რომ სრულად დავფაროთ ის უნიკალური გალობა, რომელიც დაგვიტოვეს დიდმა წინაპრებმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, ანთოლოგია „ქართული გალობა“ მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლების ნიმუშების სრულ აკადემიურ პუბლიკაციას. აღნიშნული გამოცემა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წლისთავს.