ხაშურის N1 საჯარო სკოლამ ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - 2019“-ზე ნინო წერეთლის კანდიდატურა წარადგინა.
ნინო წერეთელი - ხაშურში 1976 წლის 9 ნოემბერს დაიბადა. 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა სსიპ ხაშურის N7 საჯარო სკოლა (ყოფილი რკინიგზის N4 სკოლა). 1993-1998 წლებში სწავლობდა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში ინგლისური ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე, სადაც მიიღო ინგლისური ენის ფილოლოგის კვალიფიკაცია.
1999 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად, სადაც აქტიურ საქმიანობას ეწევა დღემდე.
2010 წელს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად ნინო წერეთელს მასწავლებლობის უფლება მიენიჭა, 2011 წელს კი წარმატებით ჩააბარა ინტეგრირებული გამოცდა ინგლისურ ენასა და კომპიუტერული უნარებში და მოიპოვა საუკეთესო სერთიფიცირებული მასწავლებლის წოდება.
2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პროექტი - „პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები.“ პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო გაევლო გადამზადების ორთვიანი კურსი ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში. კონკურსის შედეგად ნინო წერეთელი შეირჩა ინგლისური ენის ტრენერად და აქტიურად ჩაერთო პროექტის განხორციელებაში.
2015 წლიდან ნინო წერეთელი მუშაობას იწყებს მშვიდობის კორპუსში - განათლების ტრენერად, სადაც ამერიკელ მოხალისეებს ასწავლის ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკას, ესწრება მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, აძლევს შესაბამის უკუკავშირს და ამზადებს მათ ორწლიანი სერვისისთვის საქართველოს სხვადასხვა სკოლებში.
2017 წელს იგი აირჩიეს ინგლისური ენის ტრენერად მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავდა ტრენინგების ჩატარებას ორი მიმართულებით: 1) ზოგადი პროფესიული უნარების სასწავლო კურსი „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“ და 2)საგნობრივი მეთოდიკის კურსი „საგნის აქტიური სწავლება“.
ამავე წლიდან ნინო წერეთელი ერთვება ბრიტანეთის საბჭოს პროექტებში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ატარებს ტრენინგებს: „პროექტებზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე“ და „ტექნოლოგიების გამოყენება ინგლისური ენის გაკვეთილზე.“
1998 წლიდან დღემდე ნინო წერეთელს გავლილი აქვს ტრენინგები პროფესიული განვითარების კუთხით: „ინტელი-პროექტებით სწავლება“, „ციფრული თხრობა“, „პროექტების დიზაინი და მართვა“, „ინგლისური ენის გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება“, „გრამატიკის სწავლება კომუნიკაციური მიდგომებით“, „განვითარების, განათლებისა და სწავლების თეორიები სწავლების პროცესში“, „ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სწავლების პროცესში“ და სხვა.
სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა იგი აირჩია მასწავლებელთა ფასილიტატორად, რამაც საშუალება მისცა, შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ტრენინგების მეშვეობით გაეზიარებინა კოლეგა პედაგოგებისთვის. ამავე დროს, განიხილავდა გაკვეთილის გეგმებს, ესწრებოდა შიდა და სამოდელო გაკვეთილებს და აფასებდა სწავლების პროცესს. ასწავლიდა პედაგოგებს ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნას და უშუალო დახმარებას უწევდა რესურსების განვითარებაში.
სკოლის ბაზაზე ნინო წერეთელს განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი აშშ მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ერთად.
2015 წელს მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, გაიმარჯვა ნინო წერეთლის შექმნილმა საპროექტო განაცხადმა, რომლის ფარგლებშიც მშვიდობის კორპუსის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა ინგლისური ენის კაბინეტის მოწყობა და აღჭურვა ყველა საჭირო ტექნიკით. ამჟამად ოთახით სარგებლობს სხვადასხვა ასაკის 500-მდე მოსწავლე. ამასთან, კაბინეტი ხელმისაწვდომია არამარტო ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის, არამედ ნებისმიერი საგნის მასწავლებლისთვის ვინც საჭიროებს ტექნიკას გაკვეთილზე.
2017 წელს მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან და კოლეგა ქიმიის მასწავლებელთან ერთად ნინო წერეთელმა დაწერა პროექტი „წყალი-სიცოცხლის ძალა,“ რომლის მიზანიც იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთზე: სუფთა წყალი და სანიტარია. პროექტის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. ამავე პროექტის ფარგლებში პირველი საჯარო სკოლის სკოლის ქიმიის კაბინეტი აღიჭურვა ტექნიკით და სხვა საჭირო ინვენტარით.
2017 წელს ნინო წერეთელი ჩაერთო გოგონათა გაძლიერების პროგრამაში და მშვიდობის კორპუსის ფინანსური მხარდაჭერით, მოხალისესთან ერთად ჩაატარა ტრენინგები ცხოვრებისეული უნარების გასაუმჯობესებლად: „ლიდერობის თვისებები“, „აქტიური მოსმენის სტრატეგიები“, „საკუთარი ბიუჯეტის შედგენა“, „გადაწყვეტილებების მიღება“ და სხვა. პროექტში მონაწილეობდნენ VII, VIII კლასის (15) გოგონები. პროექტის დასასრულს მოეწყო ექსკურსია თბილისის ინოვაციების ცენტრში.
ნინო წერეთელი აქტიურად მუშაობს eTwinning პლატფორმაზე - პროექტების ონლაინ სივრცე. განხორციელებული აქვს პროექტები: „გაცოცხლებული იგავ-არაკები“, „ჩემი იდეალი მასწავლებელი“, „ნიჭიერი ბავშვები“. იგი ასევე ჩართულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პროექტებში.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ნინო წერეთლის ჩატარებული გაკვეთილები არის მოსწავლეზე ორიენტირებული, მუშაობისას აქტიურად იყენებს სხვადასხვა ინოვაციურ სტრატეგიებს და მიდგომებს. ავტორიტეტით სარგებლობს როგორც კოლეგებში ასევე მოსწავლეებსა და მათ მშობლებში.