„კომპიუტერი სწავლა-სწავლების პროცესის მარჯვენა ხელია“ - დირექტორები თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე საუბრობენ
02-04-2019

Etaloni.ge აქტუალური საგანმანათლებლო საკითხების ირგვლივ სკოლის ლიდერი დირექტორების მოსაზრებების გაცნობას კვლავაც აგრძელებს.

ამჯერად, წარმატებულმა მენეჯერებმა საგაკვეთილო პროცესში კომპიუტერული რესურსების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მარტვილის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა თვალაძე:

„თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებისთვის ფეხის ასაწყობად კომპიუტერული რესურსის გამოყენება აუცილებელია. სკოლაში მოსწავლეებს საშუალება აქვთ ისარგებლონ კომპიუტერული ლაბორატორიით. გვაქვს შიდაქსელური სატესტო-საგამოცდო პროგრამა ყველა კლასისთვის, ამასთან, მოსწავლეებს დავალებები ელექტრონულად ეგზავნებათ ხოლმე, მრავალ საგანში ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები. ამდენად, სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს სისტემურად ვიყენებთ.“

ბათუმის N10 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ეცადეიშვილი:

„კომპიუტერული რესურსების გამოყენება შემეცნების პროცესს მეტად აღქმადსა და მობილურს ხდის. სკოლაში მაქსიმალურად ვცდილობთ, თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს ავუწყოთ ფეხი და ინტერნეტის გამოყენებით მრავალმხრივი, საინტერესო და მამოტივირებელი საგაკვეთილო პროცესი წარვმართოთ.“

დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე:

„მობილურ ეპოქაში კომპიუტერი სწავლა-სწავლების პროცესის მარჯვენა ხელია. იგი ვიზუალურ და აუდიო აღქმას ავითარებს და სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ შემეცნებას უწყობს ხელს. ბუნებრივია, საჭიროა ინტერნეტის მიზნობრივი და დოზირებული გამოყენება. მოგეხსენებათ, წამალი გარკვეული დროის შემდეგ საწამლავად გადაიქცევა ხოლმე. სკოლაში WIFI შემოვიყვანეთ, თუმცა კომპიუტერული რესურსს განახლება სჭირდება.“

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მეგენეიშვილი:

„თანამედროვე განათლების მიღება ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის უსაზღვრო რესურსი, რომელიც საგაკვეთილო პროცესს მრავალმხრივსა და საინტერესოს ხდის. მაქსიმალურად ვიყენებთ კომპიუტერს შემეცნებაში, თუმცა ინდივიდუალური მუშაობისთვის მეტი რესურსი გვჭირდება.“

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გარაშვილი:

„სასწავლო პროცესში კომპიუტერული რესურსის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლაში აქტიურად ვატარებთ ინტეგრირებულ გაკვეთილებს და ინტერნეტს მოსწავლეებისთვის დამატებითი მასალის მისაწოდებლად ვიყენებთ. თუმცა, სამწუხაროდ, არასაკმარისი რესურსის გამო ბავშვები კომპიუტერთან უშუალო მუშაობასა და დავალებების შესრულებას ვერ ახერხებენ.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლის დირექტორი ვეფხვია ლომიძე:

„21-ე საუკუნეში კომპიუტერის გარეშე ცხოვრება გართულდება. ინტერნეტი სწავლის პროცესში დამატებითი მასალის მოძიებასა და ზოგადად, თანამედროვეობისთვის საჭირო უნარების განვითარებაში ეხმარება მოზარდს. სკოლაში არასაკმარისი კომპიუტერული რესურსი გვაქვს და ვისურვებდი, რომ ტექნოლოგიები თითოეული მოსწავლისთვის იყოს ხელმისაწვდომი.“

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხარაიშვილი:

„საგაკვეთილო პროცესში კომპიუტერული რესურსის გამოყენება მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. ამ გზით შემეცნება მათთვის უფრო სახალისო და საინტერესო ხდება. ინტერნეტის საშუალებით მრავალფეროვანი ინფორმაციის მოძიება და ინოვაციური საგაკვეთილო პროცესის წარმართვაა შესაძლებელი. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და შეზღუდული რესურსები გვაქვს, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს ავუწყოთ ფეხი.“

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლის დირექტორი ჯილდა ცომაია:

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესს მეტად მოქნილს ხდის და მოსწავლეებიც შემეცნებისა და წარმატებისკენ მოტივირებულნი არიან. ინტერნეტი უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა და მისი მიზნობრივი გამოყენება მნიშვნელოვნად ამაღლებს ცოდნისა და განვითარების დონეს. სკოლაში მაქსიმალურად ვიყენებთ კომპიუტერულ რესურსს.“ 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლია შოთაძე:

პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეები რეგულარულად იყენებენ ბუკებს სწავლის პროცესში. უფროსკლასელებისთვის სკოლაში აქტიურად ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები, ეწყობა პრეზენტაციები პროექტორისა და ინტერნეტის გამოყენებით. ასევე გვაქვს კომპიუტერების ლაბორატორია, სადაც მოსწავლეებს დამოუკიდებლად მუშაობა შეუძლიათ. 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე სრულყოფილი განათლების მიღება და წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალფორეთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გველესიანი:

„სკოლაში აქტიურად ვიყენებთ კომპიუტერულ ლაბორატორიასა და ინტერნეტრესურსს შემეცნებაში. ეს გზა ხელმისაწვდომი ინფორმაციის უშრეტი წყაროა, რომელიც საგაკვეთილო პროცესს მრავალფეროვანსა და იოლად აღქმადს ხდის. სრულფასოვანი თანამედროვე განათლების მიღება სხვაგვარად წარმოუდგენელია.“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203