აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საჯარო სკოლების აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა.
განათლების სამინისტროს ცნობით, მოდელის შექმნის მიზანია, დაეხმაროს სკოლებს აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის მათი საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესაბამისი საგანმანათლებლო პროცესის შექმნაში.
„ინტეგრირებული კლასი იძლევა დამატებითი სპეციალისტების - ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, საგნის მასწავლებელი - ჩართულობითა და მოსწავლის მახასიათებლების გათვალისწინებით თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის შესაძლებლობას.
ინტეგრირებული კლასის მოდელი ილიას სახელწიფო უნივერსიტეტთან არსებული ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის მიერ, სამინისტროს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ „ინკლუზიური განათლების საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ფარგლებში შეიქმნა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილი მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.