მან ჯერ კონკურსი გაიარა და კონკურსის ფარგლებში პრეზენტაციაც წარადგინა ატომის ბირთვის აღნაგობასა და ბირთვული ძალებისა და ბმის ენერგიაზე. ამბობს, რომ არ იცის სულ რამდენი მასწავლებელი მონაწილეობდა კონკურსში, თუმცა საბოლოოდ კონკურსის ყველა ეტაპის გავლა მხოლოდ სამმა მასწავლებელმა შეძლო.
23 წლისა იყო, როდესაც პედაგოგად მუშაობა დაიწყო და 20 წელია მახუნცეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ფიზიკას ასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი მათემატიკის სპეციალობით დაამთავრა, დღეს ის მთიანეთში ყველაზე წარმატებული ფიზიკის პედაგოგია.
„ცერნში ბევრი ქართველი პროფესორი მუშაობს, პირველი რაც ვიკითხე ის იყო, რომ ინგლისური ენის კარგად ფლობა თუ იყო საჭირო, რაზეც მითხრეს, რომ ლექციებს ქართველები წაგვიკითხავდნენ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში იქნებოდა სინქრონული თარგმანიც. ლექციებთან ერთად ცდები და ექსპერიმენტებიც ჩაგვიტარდება,“ – ამბობს მერაბ დიასამიძე.
მერაბ დიასამიძეს რესურსცენტრიდან სხვა სკოლაში დირექტორის თანამდებობაც შეუთავაზებიათ, რაზეც უარი განაცხადა. ამბობს, რომ ურჩევნია კარგი პედაგოგი იყოს: „კარიერული ინტერესები ჩემში არ არის, მირჩევნია წარმატებული რიგითი პედაგოგი ვიყო. არასდროს მიფიქრია ვყოფილიყავი ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ერთხელ ვიყავი კლასის ხელმძღვანელი და ამით დავასრულე ხელმძღვანელობა“.
მერაბ დიასამიძე მაღალმთიან აჭარაში ერთადერთი სერტიფიცირებული ფიზიკის მასწავლებელია.
მერაბ დიასამიძე: „ქედაში ჩემ გარდა სერტიფიცირებული ფიზიკის პედაგოგი არ იყო, მაგრამ თუ ხულოსა და შუახევშიც არ ჰყავდათ, არ ვიცოდი და მეწყინა. ვერ ვიტყვი, რომ სერტიფიკატის აღებითა და „ცერნში“ მოხვედრით ვარსკვლავები მოვწყვიტე, მაგრამ ესეც კარგი შედეგია. ზოგადად, მასწავლებლებს აქვთ შიშები, ერთხელ რომ სცადეს და ვერ ჩააბარეს სერტიფიცირების გამოცდა, უარი თქვეს, ამბობენ რთულიაო. ფიზიკა რომ ადვილი არ არის, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ, რადგანაც პედაგოგი ხარ, მოსწავლეებს ასწავლი, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითგანვითარებისთვისაც უნდა იბრძოდე. მესმის ასაკოვანი პედაგოგების, – ისინი ხვალ და ზეგ წასვლას აპირებენ სკოლიდან, მაგრამ ახალგაზრდა პედაგოგების არ მესმის“.
„ცერნი“ ატომური კვლევების უდიდესი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც ჟენევაში, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. საქართველომ „ცერნთან“ თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო, 2013 წელს კი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განათლების სამინისტრო, საქართველოდან „ცერნში“ წარმატებულ და კონკურსში გამარჯვებულ პედაგოგებს აგზავნის.
წყარო: http://batumelebi.netgazeti.ge/news/56560/#sthash.i1P8eA1E.s0XK4tX7.dpbs