„ვანელი მოსწავლებისთვის ევროპული დონის სკოლა არის ხელმისაწვდომი“- ვანის N2 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
04-04-2019

ვანის N2 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 

სკოლის რეკონსტრუქცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა (მილენიუმი) განახორციელა. სკოლაში სველი წერტილები მოეწყო, შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, დამონტაჟდა გათბობის ახალი სისტემები. ასევე სკოლა აღიჭურვება მაღალი დონის ლაბორატორიით. სკოლა შშმ პირებზეც არის მორგებული.

სკოლის დირექტორის თეონა ადეიშვილის თქმით, სკოლის აღსაზრდელები რეაბილიტირებულ გარემოში სწავლას სექტემბრიდან გააგრძელებენ. 

„სკოლას სრული რეაბილიტირება ჩაუტარდა, გარემონტდა პირველი, მეორე მესამე სართული. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა თანამედროვე სტანდარტებით, ევროპული სკოლის სტანდარტებს უტოლდება. გარემონტდა ეკოლოგიურად  სუფთა მასალით. ასევე სკოლა აღიჭურვება ლაბორატორიით, რომელიც არის ძალიან მაღალი დონის და მაღალ სტანდარტზე გათვლილი. სკოლას აქვს სპორტული მოედანი, რომელიც ფაქტობრივად ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, გაკეთდა სააქტო დარბაზი, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება, შეიცვალა ინვენტარი, აბსოლუტურად ყველაფერი ახალი გვაქვს. 

სკოლაში ფაქტობრივად ყველაფერი შეიცვალა. წარმოვიდგინოთ, რომ სრულიად ახალ სკოლაში შევდივართ. ვანელი მოსწავლებისთვის ევროპული დონის სკოლა არის ხელმისაწვდომი. ამასთან ვფიქრობ, სკოლა არა მხოლოდ ვანელი მოსწავლეებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ის უნდა იყოს ახალგაზრდობის განათლების ჰაბი, მეცნიერებისა და გართობისა ცენტრი. ყველა ტიპის დატვირთვა შესაძლებელია მივცეთ სკოლას. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით. სკოლა როგორც კი იქნება ინფრასტრუქტურულად მზად, ასევე შეთავაზებული გვექნება სრულიად ახალი სერვისები, მაგალითად ერთ-ერთი სერვისი არის ის რომ მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეების ერთი ნაწილი შრომის გაკვეთილებზე მაგალითად, ტყავის აქსესუარებზე მუშაობას, საკერავი მანქანების მომზადებას ისწავლის, ანუ თან ხელობასაც ვასწავლით. მეორე ნაწილისთვის განკუთვნილი გვაქვს ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება, ისინი კომპიუტერების დაშლას და აწყობას, პროგრამირებას ისწავლიან ანუ ის რაც სტუდენტებისთვის არის ხელმისაწვდომი ჩვენთან უკვე მე-8, მე-9 კლასის ბაზაზე იქნება. 

გვაქვს ასევე 21-ე საუკუნის კომპიუტერული კლასი, მომავლის კლასს ვეძახით. ერთი სიტყვით, გვაქვს ძალიან მაღალი დონის ტექნოლოგიები. ვვარაუდობთ, რომ სკოლაში სექტემბრიდან გადავალთ, თუმცა ამ ეტაპისთვის ყველაფერი მზად გვაქვს მაგრამ ველოდებით სექტემბერს, პირველკლასელების გაბრწყინებული თვალებთან ერთად გვინდა შევიდეთ ახალ სკოლაში“, -აღნიშნავს თეონა ადეიშვილი.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203