კახათის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 2002 წელს და სწორედ მაშინ, ტაძრის წინამძღვარმა - დეკანოზ გაბრიელ გულორდავამ, მიზნად დაისახა სასულიერო გიმნაზიის დაფუძნება.
მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მან სიტყვა საქმედ აქცია და მიზანს მიაღწია. იგი სულით ხორცამდე ჩაერთო ამ საქმეში. მისი სურვილი იყო, დაფუძნებულიყო ისეთი სკოლა-გიმნაზია, სადაც მოზარდები ზოგად განათლებასთან ერთად, სულიერების საზრდოსაც მიიღებდნენ. რთული იყო ამ საქმის აღსრულება, მაგრამ ღვთის შეწევნით, „კეთილი მარცვალი“ აღმოცენდა და ხელდაკაპიწებულნი დაუდგნენ მამა გაბრიელს გვერდით ისეთი კეთილი ადამიანები, რომლებიც მარცვალ-მარცვალ აგროვებდნენ ღვთის მადლს. მათ ამ საშვილიშვილო საქმეში მამა გაბრიელს თანადგომა აღუთქვეს.
წმინდა იოანე სინელი ამბობს, რომ უფალი ყველას ეძებს: მორწმუნეს თუ ურწმუნოს, მაგრამ ღვთის ეს განწყობა არ არის საკმარისი ადამიანის გადასარჩენად, რადგან ადამიანი თავისუფალი ნების მქონეა და მასზეა დამოკიდებული უნდა თუ არა ღმერთთან. ღმერთთანმყოფობის ამ სურვილით მოღვაწე ადამიანთაგან, ერთ-ერთი სწორედ ამ სასწავლო პროექტის განსახორციელებლად ჩაერთო. ეს გახლავთ, საგანმანათლებლო საქმიანობაში გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანი - ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის დირექტორი, ქალბატონი მანანა ნაჭყებია. ის აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში. გამოიყენა საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ყოველგვარი ადამიანურ-მატერიალური რესურსი მის განსახორციელებლად. სწორედ ქალბატონ მანანას ორგანიზებით ჩატარებული ყოველდღიური, დაღალავი კონსულტაციებისა და გასაუბრებების შედეგად შეირჩა პედაგოგთა კოლექტივი. მათი შერჩევის კრიტერიუმი კი ეკლესიურობა და პროფესიონალიზმი იყო.
თანამშრომლობა მარტო გიმნაზიის დაფუძნებით არ შემოიფარგლა და სისტემატიური ხასიათი მიიღო. შედეგად, ჩამოყალიბდა სათაო გიმნაზიასა და მის ფილიალს შორის პროფესიულ-საგანმანათლებლო ურთიერთობა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ქალბატონი მანანა ნაჭყებია და დეკანოზი გაბრიელ გულორდავა.
2010-2013 წლებში კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია ფუნქციონირებდა, როგორც ფილიალი. 2013 წელს კი ჩამოყალიბდა დამოკიდებელ ერთეულად. კერძოდ, ა.ა.ი.პ. საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიად. კახათის ფილიალის ცალკე, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის ჩამოყალიბებაში, დიდი როლი ითამაშა დეკანოზმა გაბრიელმა.
კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია განთავსებულია საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ ტერიტორიაზე, კეთილმოწყობილ ორ სართულიან შენობაში, სადაც არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობა: 12 საკლასო ოთახი, მინი სპორტული და სააქტო დარბაზები. გიმნაზიის ეზოში კი არის ღია ტპის სპორტული და გასართობი მოედანი. ყოველწლიურად, სამოქმედო გეგმის მიხედვით, გიმნაზიაში იცვლება და იხვეწება ინფრასტრუქტურა.
მშობელს, რომელსაც მოზარდი ჩვენს სკოლაში მოჰყავს, იცის, რომ მრავალმხრივ ზოგად განათლებასთან ერთად, ის უფლის სიყვარულსაც ეზიარება და ყმაწვილები ეკლესიურ, ზნეობრივ პიროვნებებად აღიზრდებიან. აქ ყოველივე ლოცვით აღესრულება.
გიმნაზია ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მაგრამ ჩვენი საღვთო მისიიდან გამომდინარე, შემუშავებული გვაქვს საკუთარი ხედვა და კონცეფცია სწავლებისა და აღზრდის საქმეში, რაც გამოიხატება მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის გაძლიერებაში. ამასთან, გიმნაზიის მიზანია ისეთი ზოგადსაკაცობრიო იდეალების მატარებელი და წიგნიერი თაობის აღზრდა, რომლებიც იქნებიან საზოგადოების ღირსეული წევრები.
აღსანიშნავია, რომ გიმნაზიაში თითოეულ საგანს კომპეტენტური პედაგოგი ასწავლის. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საღვთო სჯულის სწავლებას, რომელსაც ხელმძღვანელობს მღვდელი ალექსანდრე შედანია. გიმნაზიაში ასწავლიან უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლები, რომლებიც დაუღალავად ემსახურებიან არჩეულ პროფესიას და მუდმივად მზად არიან სიახლეებისთვის. გიმნაზიის მოსწავლეებს ემსახურება ტრანსპორტი.
სასულიერო გიმნაზიაში ღვთის შიშის, სულიერების, გულწრფელი სიყვარულის, მორჩილების, მარხვისა და სარწმუნოებრივი ცხოვრების დაფუძნების მიზანს ემსახურება გიმნაზიის სულიერი მოძღვარი - დეკანოზი გიორგი თოლორაია.
გიმნაზია თავის მისიას შესრულებულად ჩათვლის, თუ მისი კურსდამთავრებული, გლობალიზაციისა და ტექნიკური პროგრესის ეპოქაში, შეძლებს პროფესიის სწორად არჩევას, ეროვნული სულისა და ჯანსაღი ტრადიციების შენარჩუნებას.
დაფუძნებიდან დღემდე, გიმნაზია პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას. სწავლება მიმდინარეობს მაღალ დონეზე და გიმნაზიის კურსდამთავრებულები ყოველწლიურად ოქროსა და ვერცხლის მედლებით ჯილდოვდებიან.
გიმნაზიაში აქტიურად ტარდება სახელოვნებო გაკვეთილ-პროექტები. ასევე, გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩართულები არიან სხვადასხვა ოლიმპიადებში. გიმნაზიაში ფუნქციონირებს ფორტეპიანოსა და ქართული ცეკვის სტუდია.