განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებს სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ჩოქური.
როგორც etaloni.ge-სთან ინტერვიუში სკოლის დირექტორი აცხადებს, საატესტატო გამოცდებით სკოლა აცდენილნი იყო იმ მიზნებს, რომლებსაც სკოლა უნდა ემსახურებოდეს. მისივე შეფასებით, პოზიტიურია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების სავალდებულო საგნების სიიდან ამოღებაც.
- საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი მიესალმება ამ ცვლილებას, ნაწილი კი ფიქრობს, რომ გამოცდების გაუქმებით მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უკარგავენ, თქვენ როგორ აფასებთ სამინისტროს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებას?
- ჩემი შეფასება ცალსახად დადებითია. ვინც ჩახედულია განათლების სფეროში, ასეთები არიან პედაგოგები, ბავშვები და მათი მშობლები, ძირითადად დადებითად აფასებენ ამ ფაქტს. ვინაიდან საატესტატო გამოცდებისთვის მომზადებამ მიიღო ისეთი სახე, რომ ეს არაფერში გადაყრილი ფული გამოდიოდა.
ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს, ზოგადად გამოცდებზე, როგორც მოსწავლეთა მიღწევების გაზომვის ინსტრუმენტზე უარის თქმას, თუმცა საატესტატო გამოცდების ფორმატი აბსოლუტურად შეუსაბამო იყო ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და იმ მიზნებთან, რომელიც ჩვენ ვემსახურებით.
სკოლის მიზანია, მოსწავლეებს მისცეს კონკრეტული ცოდნა, გამოუმუშავოს სხვადსხვა უნარები, რომელიც 21-ე საუკუნეში სჭირდება მას და ჩამოუყალიბოს დამოკიდებულებები. ეს არის ის სამი რამ, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ევალება. საატესტატო გამოცდებით კი ჩვენ აცდენილნი ვიყავით იმ მიზნებს, რომლებსაც სკოლა უნდა ემსახურებოდეს. რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია, გამოცდების ჩატარება სავარაუდოდ მე-6 და მე-10 კლასებში, ანუ მოსწავლეთა შეფასება გამოცდებით აუცილებლად მოხდება, ოღონდ ეს სწორ და მიზნობრივ ფორმატში განხორციელდება.
- რაც შეეხება ერთან ეროვნულ გამოცდებზე მომავალ წელს განსახორციელებელ ცვლილებებს, როგორც ვიცით, ზოგადი უნარები სავალდებულო საგნების სიაში აღარ იქნება. როგორ ფიქრობთ თავიდანვე რა მიზანს ემსახურებოდა ამ საგნის შემოღება მოსწავლეებში და ახლა რამდენად სწორია, მისი სავალდებულო გამოცდების სიიდან ამოღება?
- შეგახსენებთ, რომ გამოცდა ზოგად უნარებში 2005 წლიდან შემოვიდა. ზოგადი უნარები რეალურად არ არის საგანი და არის მაჩვენებელი თუ რამდენად აქვს ბავშვს განვითარებული
ტვინის სააზროვნო ფუნქციები, როგორ შეუძლია ანალიზისა და პროგნოზების გაკეთება, ტექსტის გააზრება, ლოგიკურად აზროვნება - ამ უნარებზეა საუბარი. დღემდე რომ ვიხსენებ, ამ გამოცდის შემოტანა იყო აბსოლუტურად მოულოდნელი და უცნაური გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ცვლილებას, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორია. ეს უნარები უნდა გადანაწილდეს საგნებში. სკოლამ უნდა დაისახოს მიზნად ისე ვასწავლოთ სხვადასხვა საგნები, როგორც ტექნიკური ასევე ჰუმანიტარული, რომ ზემოთ აღნიშნული უნარები მოსწავლეს სწავლის პროცესში საგნობრივი კომპეტენციის ფარგლებში განვუვითაროთ. დამერწმუნეთ, რომ სხვადასხვა საგნებში ბუნებრივად არის ჩადებული ლოგიკაც, მიზეზ-შედეგობრივი კავშირებიც, ანალოგიებიც და ზოგადად ჰარმონიაც.
- ბოლოს გვინდა გკითხოთ, როგორ აფასებთ მასწავლებლის სქემაში დაგეგმილ სიახლეებს, როგორც მასწავლებლის სახლში აცხადებენ სიახლეები მასწავლებლებზე იქნება მორგებული. მასწავლებლები აღარ დააგროვებენ კრედიტქულებს და ნაკლები ბიუროკრატიული პროცედურების განხორციელება მოუწევთ...
- დიდი ხანია, საჯარო გამოსვლებშიც და ისეც აღვნიშნავდი, რომ მასწავლებლის სქემა გადატვირთული იყო ბიუროკრატიული მიდგომებით და მასწავლებელს თავის ძირითად ფუნქციას აშორებდა. ეს არ არის არავის მონაყოლი, საერთოდ სჯობს მოვლენებზე პროფესიონალებმა იმსჯელონ და როგორც პროფესიონალი გეუბნებით, რასაც ყოველდღიურად სკოლაში ვხედავდით, იყო ის, რომ მასწავლებლები იძულებულნი იყვნენ ნაკლები დრო დაეთმოთ მოსწავლეებისთვის და მეტი ეფიქრათ სქემით იყო შემოთავაზებულ გასაწერ საქმინობაზე.
სქემასთან დაკავშირებით რა შეიცვლება და როგორ ამას ზუსტად მოგვახსენებენ, მაგრამ თავად მიდგომა, რაც არაერთხელ გაჟღერდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან არის ის, რომ ამ ცვლილებების განხორციელებით მასწავლებელი გათავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან და მეტ დროს და ენერგიას დაუთმობს მთავარ ფუნქციას - ასწავლოს მოსწავლეებს და გავიდეს შედეგზე.
სიახლეებთან დაკავშირებით დამოკიდებულება არის ოპტიმისტური, მოლოდინი არის ძალიან მაღალი. ჩვენი სკოლა არის იმ 50 საჯარო სკოლას შორის, სადაც მიმდინარეობს რეფორმის პილოტირება მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე პროცესები იმედით აღავსებს მთლიანად სასკოლო საზოგადოებას.
ხაზგასასმელია, რომ მიდგომა არის არა სადამსჯელო, არამედ თანამშრომლობითი, რაც შემდგომ მასწავლებელთა მიდგომებზე და მოსწავლეთა შედეგებზე აისახება.