2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის რეგისტრაციის ეტაპი წელსაც რამდენიმე ეტაპისგან შედგება.
დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს უკვე აღარ შეუძლიათ შეცვალონ საგამოცდო ქალაქი. აღნიშნულის უფლება მათ 3 აპრილის ჩათვლით ჰქონდათ. თუმცა, აპლიკანტებს უფლება აქვთ ცვლილებები შემდეგი მიმართულებებით განახორციელონ:
2019 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შეუძლიათ საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა. მაგ: თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ფიზიკა, მაგრამ გადაწყვიტა ისტორიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც საგნის, ასევე საგამოცდო ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარების გამოცდა ქართულად შეიძლება მან ჩაანაცვლოს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად, ან სომხურად და ა. შ.).
7 მაისის შემდეგ აბიტურიენტები საგანთა ჩამონათვალში ცვლილებებს ვეღარ განახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდებზე რეგისტრაცია 12 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.