27 მარტს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დამაარსებლის, ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის, იოსებ ოცხელის გარდაცვალებიდან 100 წელი გავიდა.
სკოლის დირექციამ, მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, რესურსცენტრის წარმომადგენლებმა და იოსებ ოცხელის შთამომავლებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
იოსებ ოცხელი 1865 წელს, ქუთაისში დაიბადა. მისი აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობა 1900 წლიდან დაიწყო. 1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით იგი დაამტკიცა ქუთაისის პირველი ქართული სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად. 1905 წელს ოცხელის და სილოვან ხუნდაძის თაოსნობით ეს სკოლა გადაკეთდა ქართულ კერძო სათავადაზნაურო გიმნაზიად. ეს იყო პირველი ქართული საშუალო სასწავლებელი დასავლეთ საქართველოში. ოცხელის ინიციატივითა და გულმოდგინებით დაარსდა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი, სადაც არაერთი მოღვაწე (გრიგოლ რობაქიძე, სილოვან ხუნდაძე, ალექსანდრე წერეთელი, ვასილ წერეთელი, დიმიტრი უზნაძე და სხვანი) კითხულობდა ლექციებს. იოსებ ოცხელის აღზრდილთა რიგებს ეკუთვნიან: აკადემიკოსები დიმიტრი უზნაძე, კონსტანტინე ერისთავი და ალექსანდრე ჯანელიძე, პროფესორი სევერიან ბუაძე, პროფესორი ვიქტორ ნოზაძე, მწერალი-აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია და სხვები.
იხილეთ ფოტოები