ქედის მუნიციპალიტეტის, ოქტომბრის საჯარო სკოლაში ღონისძიება - ,,სული შემიბერე ღმერთო, გულზე საქართველო მეწვის!“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება დაიგეგმა და მომზადდა ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ნონა გორგაძე, მედეა სურმანიძე და ირმა სანიკიძე.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთათვის პოეზიის, ქართული ლექსის ბუნების გაცნობა; მათი ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მოთხოვნების მიხედვით და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
„შეირჩა სამიზნე ჯგუფი პირველიდან მეათე კლასის მოსწავლეთა ჩათვლით. მათ ჩაუტარდათ მინი ლექციები თემებზე: რა არის პოეზია, როგორია ქართული ლექსის ბუნება, როგორ გვეხმარება ლექსის კითხვა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში.
მოსწავლეებმა მოისმინეს ცნობილი დეკლამატორების (ზურაბ გორგილაძე, ზურა ყიფშიძე, გოგი ხარაბაძე) წაკითხული ლექსები. გაიმართა საჩვენებელი გამოსვლები, სადაც მოსწავლესთან ერთად/პარალელურად მასწავლებლებიც კითხულობდნენ ლექსებს.
იმართებოდა დისკუსია კითხვის თავისებურებებთან დაკავშირებით. ერთობლივად შეარჩიეს ღონისძიების თემატიკა (მასწავლებლის რეკომენდაციით), მოიძიეს და გადაინაწილეს ლექსები (ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით) და დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ღონისძიებაზე მონაწილეებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა ქების სიგელი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები