ჭიათურის მუნიციპალიტეტის დარკვეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 9 აპრილთან დაკავშირებული პროექტი დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, ისტორიის მასწავლებელმა, დარიკო ხვედელიძემ და ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ეთერ გოგალაძემ მოამზადეს.
პროექტი, IX კლასის მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს, მასწავლებლებსა და თანასკოლელებს წარუდგინეს. მათ ასევე ისაუბრეს საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და ამ ტრაგედიის მონაწილე გადარჩენილ ადამიანებზე, რომელთა ღვაწლი ფასდაუდებელია.
მოსწავლეებმა საკუთარი შექმნილი ლექსებით შეამკეს გმირების სულები. გაიაზრეს და შეისისხლხორცეს მათი ქმედება და დადეს პირობა, რომ ღირსეულად შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას, დაიცვან და გაამთლიანონ საქართველო. დამსწრე საზოგადოებამ წარმატებები უსურვა ბავშვებსა და პედაგოგს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო გმირების ხსოვნას..
„თითქოს მომხდარი ტრაგედია ჩვენს გულებში ღრმად მიიძინებს ხოლმე. აპრილის დადგომას კი, თავისთავად მოაქვს სინანულისა და ბედნიერების შეგრძნება ერთად... არ არსებობს გამარჯვება მსხვერპლის გარეშე, არც 9 აპრილს ჩაუვლია უმსხვერპლოდ, თუმცა მაინც, ეს იყო დღე გამარჯვებისა. ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი გმირი, არასდროს გადაშენდება.. ჩვენი მისიაა შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ სისხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება...
გმირები არასოდეს კვდებიან, რადგან გმირობა ღირსების შენარჩუნებაა. მათ სახელებს დავიწყება არ უწერია. სწორედ ამ გმირებმა საკუთარი სისხლით დაწერეს საქართველოს ისტორია... ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი.... მადლობა თავისუფლებისთვის...“-ნათქვამია დარკვეთის საჯარო სკოლის ინფორმაციაში.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები