ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კვიკვინია „ლიბერალის“ ბლოგპოსტების კონკურსის გამარჯვებულია.
,,ლიბერალი"-ს რედაქციამ ორი თვის წინ გამოაცხადა ბლოგპოსტების კონკურსი მოსწავლეთათვის ბულინგის თემაზე. ერთი თვის წინ რედაქციამ გამოავლინა 15 საუკეთესო ბლოგპოსტი, რომელთა შორის მოხვდა მეცხრე კლასის მოსწავლის ანა კვიკვინიას თემა ,,როცა წაგება ბადებს აგრესიას“.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, სულ რამდენიმე დღის წინ კი გახდა ცნობილი, რომ ლიბერალზე წაკითხვების რაოდენობის მიხედვით გამარჯვებულია ანა კვიკვინია, რომელიც კონკურსის დებულების თანახმად მიიღებს 300-ლარიან ვაუჩერს წიგნების მაღაზიაში.
,,ჩემი თემა ჭადრაკში წაგებისას ზოგიერთი მშობლის და მწვრთნელის არასწორ რეაგირებას ეხებოდა. მიხარია, რომ თბილისის ჭადრაკის საერთაშორისო აკადემიამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე საჭიროდ ჩათვალა ჩემი თემის თავის გვერდზე განთავსება და ინგლისურენოვანი თარგმანის გაკეთება. ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ ათასზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა თემა და ძალიან ბევრი ადამიანისგან მივიღე ქების მესიჯი. მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ქალბატონ ნინო ცხადაიას, პედაგოგს ,,სამოქალაქო განათლებაში“ შორენა ბუკიას და ყველა ჩემს გულშემატკივარს“ - ამ სიტყვებით გამოხატა თავისი ემოცია ანამ.
პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ანა კვიკვინიას ამ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.