ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ჩატარდა სკოლის დამაარსებლისა და მისი პირველი დირექტორის, მიხეილ არახამიას ხსოვნის საღამო „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“.
აღნიშნულ ღონისძიებას დაუკავშირდა მიხეილ არახამიას სახელობის კაბინეტის გახსნა. მოსწავლეებმა: ნიკა აბულაძემ, თეკლა კბილაძემ, ქრისტინა კუჭუხიძემ, ქრისტინე ბუღაძემ, ანა ტყეშელაშვილმა, გიორგი სარალიძემ, ანა მაკასარაშვილმა და ლუკა ლეჟავამ ( მე-9ა კლასი), მარიამ რობაქიძემ (მე-10ა კლასი) საინტერესოდ წარმოადგინეს მიხეილ არახამიას მიერ განვლილი საკმაოდ ნაყოფიერი, რთული და საამაყო ცხოვრებისეული გზა.
ღონისძიება გაალამაზა მოსწავლეების მიერ წაკითხულმა მიხეილ ქვლივიძისა და ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებმა: ,,კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ და ,,ლამაზი სიკვდილი“.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექტორი ლია კუხიანიძე, სკოლის პედაგოგები: ნუნუ ირემაძე, ირინა ყურაშვილი, დარეჯან ნემსაძე, ვალიდა კვირიკაშვილი. მათ მოიგონეს მიხეილ არახამიასთან დაკავშირებული საინტერესო ეპიზოდები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და მოწვეული სტუმრები: მიხეილ არახამიას ქალიშვილი ლელა არახამია და უახლოესი ნათესავი პავლე ლოსაბერიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი პროფესორი იმერ ბასილაძე და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი აკადემიური დოქტორი ლუხუმ ჭელიძე. მათ თავიანთი მოგონებებით კიდევ უფრო გაალამაზეს ღონისძიება, მადლობა გადაუხადეს სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, ღონისძიების ორგანიზატორებს - დარეჯან ნემსაძესა და ვალიდა კვირიკაშვილს მიხეილ არახამიას, როგორც სკოლის დამაარსებლისა და მისი პირველი დირექტორი, გახსენებისა და ღვაწლის დაფასებისათვის.
ღონისძიებას უძღვებოდა მიხეილ არახამიას სახელობის კაბინეტის გახსნის იდეის ავტორი და შემსრულებელ რუსული ენის მასწავლებელი დარეჯან ნემსაძე.
იხილეთ ფოტოები