სამტრედიის N11 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ვუერთგულოთ ბუნებას“ წევრები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს, „ლამპარს“ ესტუმრნენ.
დღის ცენტრის სხვადასხვა საჭიროებისა და ასაკის ბავშვების გასამხიარულებლად ეკოკლუბელებს თან ახლდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი ლალი პირტახია და თოჯინა „ბეჯითი ვანო“. „ბეჯითი ვანო“ მიესალმა ბავშვებს, ესაუბრა ბუნების დასუფთავებასა და გარემოს დაცვაზე.
როგორც ცენტრის პროგრამების კოორდინატორმა, სოფიო კუპატაძემ აღნიშნა, ცენტრის ბენეფიციარები ჩართულნი არიან გარემოსდაცვით ღონისძიებებში, რგავენ ხეებს, აგროვებენ მაკულატურას და აბარებენ მეორადი გადამუშავების ცენტრს.
„ჩვენმა ეკოკლუბელებმა სახელდახელო კონცერტი გამართეს. ყველაზე პატარა ეკოკლუბელმა, თეკლა წითელიშვილმა სიმღერები შეასრულა და აქტიურად აიყოლა სიმღერაში მასპინძლებიც. ბავშვებმა ერთობლივად ხატეს და ბოლოს მცირედი საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს დღის ცენტრის ბენეფიციარებს. ჩვენი ვიზიტი გაშუქდა პრესითა და ტელევიზიით“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები