ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ირმა სანიკიძემ დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა სასწავლო პროექტი „ტყე შეუნახე შვილებსა“.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ბუნების დაზიანებას, გაუფრთხილებლობას უკავშირდებოდა; ასევე გაეგოთ, რა საფრთხე მოჰყვება ბუნების გაუფრთხილებლობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ გამოუმუშავდეთ ბუნების სიყვარულის, ემპათიის, თანაგრძნობის უნარები.
მოსწავლეებმა განსაზღვრულ დროში მოიძიეს მასალები, წაიკითხეს კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა, კერძოდ: ვაჟა-ფშაველას „ია“ და რევაზ ინანიშვილის „მუხა“.
მათ მოამზადეს მინი-ინტერვიუ საზოგადოების ინფორმირებულობის დასადგენად, მოამზადეს სპექტაკლი ვაჟა-ფშაველას მოთხრობის, „ია“-ს მიხედვით და წარუდგინეს თავიანთ თანატოლებს და მასწავლებლებს.
პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებმა შეაჯერეს მიღებული ინფორმაცია და გაათვითცნობიერეს, რომ ტყეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ცოცხალი ორგანიზმებისათვის. მათ ჩამოუყალიბდათ დამოუკიდებლად მუშაობის, თანამშრომლობის, ინფორმაციის გაზიარებისა და პრეზენტაციის უნარი.
იხილეთ ფოტოები