შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 18 აპრილიდან კიდევ ერთ პროექტს იწყებს. ცენტრის ინფორმაციით, 18 აპრილიდან კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელები 13:00 საათიდან 16:00 საათამდე უპასუხებენ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდებზე რეგისტრაცია 12 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.
2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის რეგისტრაციის ეტაპი წელსაც რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
2019 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შეუძლიათ საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა. მაგ: თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ფიზიკა, მაგრამ გადაწყვიტა ისტორიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც საგნის, ასევე საგამოცდო ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარების გამოცდა ქართულად შეიძლება მან ჩაანაცვლოს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად, ან სომხურად და ა. შ.).
7 მაისის შემდეგ აბიტურიენტები საგანთა ჩამონათვალში ცვლილებებს ვეღარ განახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.