განათლების სამინისტრო Microsoft-თან თანამშრომლობით საჯარო სკოლებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას იწყებს
15-04-2019

საჯარო სკოლებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის სამინისტროსა და კომპანია Microsoft-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და „Microsoft საქართველოს“ წარმომადგენელმა, ქეთევან რატინმა მოაწერეს. 

მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროსა და Microsoft-ს შორის ერთობლივი პროექტები განხორციელდება,  რომელიც გაამარტივებს და ხელს შეუწყობს სისტემაში მიმდინარე რეფორმის განხორციელებას. 

სამინისტროს ცნობით, Microsoft-ის აქტიური ჩართულობით, სკოლებში ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში უზრუნველყოფილი იქნება როგორც საერთაშორისო ექსპერტთა კონსულტაციები, ასევე სხვადასხვა სასწავლო მასალებზე წვდომა, მასწავლებლების გადამზადება და სხვა.

„შედეგად, სწავლისა და სწავლების პროცესში გაუმჯობესდება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, ამასთან, პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ, საკლასო ოთახში გამოიყენონ ტექნოლოგიები და მოსწავლეებს განუვითარონ შესაბამისი უნარები.

ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში სკოლებში ინოვაციების დანერგვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, განათლების რეფორმის ფარგლებში Microsoft-თან და ტალინის უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით სასწავლო პროცესში ციფრული საგანმანათლებლო რესურსები დაინერგება. შედეგად, მასწავლებლები და მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ელექტრონული რესურსებით, რათა შეძლონ ინფორმაციის მარტივად გაცვლა, საკუთარი საკომუნიკაციო არხების აწყობა, ინფორმაციის გავრცელება და სწავლა-სწავლების პროცესში ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ეფექტური გამოყენება“,- აცხადებენ განათლების სამინისტროში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203