თელავის მუნიციპალიტეტის ყარაჯალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედა ენის დღე აღნიშნეს.
დედა ენის დღესთან დაკავშირებით ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორის, ელზა აშიროვას წერილს etaloni.ge- უცვლელად გთავაზობთ:
„ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაც შინა ქართულით ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“ - წერდა ჯერ კიდევ 951 წელს გიორგი მერჩულე. ქართული ენა ერთიანი, მთლიანი, მთელი ერის და ქვეყნის საერთო ენაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მდიდარი ლექსიკური ფონდი, დახვეწილი გრამატიკული წყობა და გამოხატვის მრავალნაირი საშუალებები. ქართული ენა ერთ- ერთი უძველესი ენაა. საუკუნეთა მანძილზე იქმნებოდა და იქმნება ამ ენაზე უმდიდრესი ლიტერატურული მემკვიდრეობა. აღსანიშნავია თუნდაც ის, რომ XII საუკუნეში ქართულ ენაზე დაიწერა უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მსოფლიოს ხალხთა სულიერი ცხოვრების ოქროს ფონდშია შესული.
ქართულ ენაშია ასახული საქართველოს წარსული, მისი აწმყო და მომავალი, ხალხის ზნეობრივი და გონებრივი ცხოვრება. ამას აღნიშნავდა იაკობ გოგებაშვილი, როცა წერდა: „ქართული ენა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც არის ჩვენი ერის ისრტორია - წარსული ცხოვრება სავსე მრავალგვარის მოქმედებითა დიდი სიხარულითა, ძლიერი მწუხარებითა“. ქართულ ენას მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ენების გვერდით აყენებს აკადემიკოსი ნიკო მარი. იგი წერს: „ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდ რა ენით, აზრი არ მოეპოვება არც ერთ ენაზე რუსეთის ან დასავლეთ ევროპისა, რომ არათუ ქართულმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრობით ყალიბში ვერ ჩამოასხას. ასე მდიდარია ქართული, შეიძლება ითქვას შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა“.
ქართული ენის დაუფლება იძლევა ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობას. იგი ამაღლებს ადამიანს სულიერად და აფართოებს გონებრივ ჰორიზონტს. ასეთი ლამაზი, მნიშვნელოვანი და რთული ისტორიის მქონე ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დადგა რუსული იმპერიის ბატონობის პერიოდში, როდესაც საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეს იპყრობდა რუსული ენა. ისმოდა ხმები, რომ ქართულ სკოლებში რუსული ენა მხოლოდ ერთ - ერთი სასწავლო საგანი კი არ ყოფილიყო, არამედ სხვა საგნების სწავლების საფუძველიც გამხდარიყო. ამ მავნე ტრადიციებს საფუძველი ჩაეყარა ნიკიტა ხრუშოვის აღზევების პერიოდში და შემდგომ ინერციით დიდხანს განაგრძობდა არსებობას. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა იყო საქართველოს არაქართულენოვან რეგიონებში, სადაც სკოლებში ქართული ენა სრულფასოვან საგნად აღარ აღიქმებოდა. საქმე იქამდე იყო მისული, რომ თუ არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლე ქართულ ენაში მიიღებდა არადამაკმაყოფილებელ შეფასებას, ეს მას არ უშლიდა ხელს, დაუბრკოლებლად გადასულიყო კლასიდან კლასში ან მიეღო საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი.
წინა წლებზე რომ არაფერი ვთქვათ, 1975 წელს აღნიშნულ სკოლებში IX-X კლასებში ჯერ კიდევ ფაკულტატური სახით ისწავლებოდა და მხოლოდ 1 კვირეული საათი ჰქონდა დათმობილი. ამ მძიმე პერიოდის შედეგია, რომ დღეს აღნიშნული რეგიონების არაქართველი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ვერ ფლობს ქართულ ენას. არაქართულენოვანი (სომხური, აზერბაიჯანული) სკოლების მაშინდელ სასწავლო პროგრამებს აკრიტიკებდა და ქართული ენის სწავლების გარდაქმნასა და გაუმჯობესებას ითხოვდა აკადემიკოსი პროფესორი მიხეილ ჩინჩალაძე, რომელმაც არაერთი სტატია გამოაქვეყნა ქართულ სკოლებში ქართული ენის სწავლების გაუმჯობესებისა და ქართული ენის სწავლების ღონისძიებათა შესახებ. ამასთანავე, ბატონი მიხეილ ჩინჩალაძე მოითხოვდა აღნიშნული სკოლების პროგრამაში გრამატიკის გარდა მხატვრული ლიტერატურის სწავლებაც შესულიყო.
მნიშვნელოვანია, იმის აღნიშვნაც რომ თვითონ მშობლებიც მოითხოვდნენ სკოლებში ქართული ენისთვის მეტი საათების გამოყოფას. ბევრი და დიდი სირთულეები იქნა გამოვლილი. 1978 წელს ხალხის ძალისხმევით ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება-დამტკიცებამ, შემდგომში მიღებულმა დადგენილებებმა, ქვეყნის დამოუკიდებლობამ და ქართული ენის გასაუმჯობესებლად გადადგმულმა არაერთმა ნაბიჯმა კიდევ უფრო გააძლიერა ხალხის პატრიოტული სულისკვეთება, საქართველოს ყველა მოქალაქეს აგრძნობინა, რომ ქართული ენის ცოდნა არა მხოლოდ სავალდებულო, არამედ საჭირო და აუცილებელია. გილოცავთ ამ ლამაზ დღეს!“ - წერს ელზა აშიროვა.
იხილეთ ფოტოები