აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო.
კვირეულის ორგანიზატორი იყო სახელმწიფო ენის კათედრის თავჯდომარე ქეთევან ვეკუა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასში აქტიურად იყვნენ ჩართული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, დამრიგებლები და I-IX კლასის მოსწავლეები, მუსიკის მასწავლებელი გულისა კიზირია და სკოლის ბიბლიოთეკარი სოფიო ჯიბლაძე.
კვირეულის ფარგლებში პირველ კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა. სასწავლო პროცესს მასწავლებელი ირმა ჯიბლაძე ხელმძღვანელობდა. გაკვეთილს პირველი კლასის მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
ასევე მოეწყო კალიგრაფთა კონკურსი, გამოვიდა კედლის გაზეთი - ,,ენით ცოცხალ ვართ“, ჩატარდა ღონისძიება- ,,ენა დედაა ერისა“.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები და ქართული ენის შესახებ ცნობილ მწერალთა გამონათქვამები. IX კლასის მოსწავლემ იზოლდა ბოკერიამ წარადგინა ესე - ,,სოციალურ ქსელებში დაკარგული ქართული ენის გრამატიკა“. VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ბარბარიზმები, კალკი, ჟარგონები და სლენგი შესაბამისი ლიტერატურული ფორმებით.
ღონისძიებას ამშვენებდა სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების გამოფენა ქართული ენის შესახებ. ღონისძიებამ დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება, მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები