ასპინძის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა პატივისცემითა და მოკრძალებით წაიკითხეს სხვადასხვა პოეტის ლექსები. ისაუბრეს ქართული ენის ხიბლსა და ლაზათზე, ენაზე, რომელიც ქართველისათვის მხოლოდ ასო-ბგერების მოხაზულობა როდია, იგი მთელი ჩვენი ისტორია და წარსულია, წინაპართა მიერ დაცული და სისხლის ღვრის ფასად ჩვენამდე მოტანილი.
დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.