ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოფშკვითის საჯარო სკოლაში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა.
კვირეულის პირველ დღეს კლასებმა წარმოადგინეს დედა ენისადმი მიძღვნილი საინტერესო პოსტერები. შემდგომ, ჩატარდა ლექსის საჯარო კითხვა-კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვეს ლილე კვერნაძემ და ილია ინანეიშვილმა. ასევე, მოსწავლეებმა ჟიურის წინაშე წარმოადგინეს კალიგრაფიის ნაშრომები. საუკეთესო იყო ნატა კვერნაძისა და სალომე ფუთურიძის ნაწერები.
გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიდეოპოეზიისა და ანიმაციის ნიმუშები. საუკეთესო ანიმაცია წარმოადგინა მე-9 კლასის მოსწავლე თორნიკე ნუცუბიძემ, ხოლო საუკეთესო ვიდეოპოეზია მერვეკლასელმა ნინი ფხაკაძემ. ასევე, დაწყებითი კლასების კათედრის ორგანიზებით მოეწყო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, დასკვნით ღონისძიებად სკოლაში მოეწყო ლიტერატურული „რა?სად?როდის?“ თამაში.
დაწყებით საფეხურზე თამაშის გამარჯვებული გახდა მე-6 კლასის (დამრიგებელი: მურთაზ დათიაშვილი) გუნდი „სიტყვის კონა“, ხოლო საბაზო საფეხურზე - მე-9 კლასის (დამრიგებელი: თამარ კობეშავიძე) გუნდი ,,იდიომა“.
იხილეთ ფოტოები