ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩქუმის საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია მოეწყო. მოსწავლეებმა დაასუფთავეს ეზო, დარგეს სხვადასხვა ყვავილის ნერგები. ასევე, სკოლის ტერიტორიაზე არსებული კოლხური ბზის ნერგები, მათი გამრავლების მიზნით დაურიგეს მსურველ ოჯახებს.
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩქუმის საჯარო სკოლა, მიუხედავად
მცირე კონტიგენტისა, ყოველთვის ცდილობს სასწავლო პროცესი ისე წარმართოს, რომ მოსწავლეებისათვის
მრავალფეროვანი და საინტერესო გარემო შექმნას. მიმდინარე წელსაც გაზაფხულის დადგომასთან
ერთად, ვაგრძელებთ ტრადიციას!
როგორც კი დღეები დათბა დავასუფთავეთ სკოლის ეზო...
ეზოს დასუფთავებისას შევამჩნიეთ მრავალწლოვანი კოლხური ბზის ძირებში პატარა ბზის ნერგები.
გაჩნდა იდეა,რომ ეს ნერგები ჩაგვერგო პატარა ყუთებში და დაინტერესებული ოჯახებისათვის
მიგვეცა საჩუქრად. მოსწავლეების მხრიდან დიდი იყო ხალისი და მონდომება. ამით ბავშვებმა
თავისი წვლილი შეიტანეს კოლხური ბზის გადარჩენისა
და გამრავლების საქმეში.
ჩვენს თემში არსებობს წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი. მოსწავლეების სურვილით ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რამოდენიმე ყუთი პატარა ბზის ნერგები გადასცეს საჩუქრად ტაძრისათვის.... ერთ იდეას მეორე იდეა მოჰყვა... გაჩნდა სურვილი გაგველამაზებინა სკოლის ეზო ახალი ყვავილების ნარგავებით, ამ იდეასაც ხორცი შეესხა...ყველამ გადაინაწილა საქმე და ჩვენს ეზოს არაერთი ყვავილის ნერგი შეემატა“, - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები: