გოარ სარუხანიანი დაბა აბასთუმნის სკოლის მასწავლებელი და ''ეტალონის'' ტრენერია.
პედაგოგიური მოღვაწეობა 17 წლისამ დაიწყო და უკვე 37 წელია ამ საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურება.
''დღესაც ვმოღვაწეობ იმ თბილ გარემოში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ამ გარემოს აბასთუმანი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის რაღაც მონაკვეთში განათლება ულამაზეს ქალაქ ერევანში მივიღე, შემდეგ კი ვანაძორში, ყოველთვის მქონდა აბასთუმნის ნოსტალგია. 37 წელია მასწავლებლად ვმუშაობ იმ სკოლაში, სადაც ჩემთვის პირველი ზარი დაირეკა.''
ყოველ დილით შვიდის ნახევარზე დგება და სკოლისკენ მიმავალ გზას მიუყვება. იმ სკოლისკენ, სადაც ყოველთვის სიხარულით ელიან.
''ამ თბილ გარემოში ადვილი და სასიამოვნოა კოლეგებთან და მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვერდში გვიდგას და ყველაფერში გვეხმარება მუდამ ორგანიზებული და ენერგიული, ჩვენი დირექტორი ქალბატონი სვეტლანა ბოჩიკაშვილი.''
ქალბატონი გოარი ჩვენთან საუბრისას ''ეტალონში'' მიღებულ გამოცდილებაზე და პროექტის როლზე ამახვილებს ყურადღებას:
''ჩვენი სკოლა პროექტ ''ეტალონში'' სკოლის დირექტორის რჩევით ჩაერთო. მე და ჩემი მოსწავლეები პროექტში დიდი ხალისით ჩავერთეთ. ბევრი გადაუშლელი წიგნი წავიკითხეთ, ბევრი ვიშრომეთ და მადლობა უფალს, რომ ჩვენს შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ჩვენი სკოლა X კლასის მოსწავლემ ლუკა ვახრამიშვილმა ასახელა. სარაიონო ტურნირში მოპოვებულმა III ადგილმა დიდი სიხარული მოგვიტანა და რაც მთავარია, სწავლის სტიმული მისცა სხვა მოსწავლეებს. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და ყველას, ვინც ამ პროექტის ორგანიზებაში მონაწილეობს. წარმატებებს გისურვებთ და ბოლოს მინდა გითხრათ, თქვენ კარგ საქმეს ემსახურებით.''