პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში უნდა განიხილონ ინიციატივა, რომელის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პერსონალის მომზადება/გადამზადებისთვის სპეციალური ცენტრი უნდა შეიქმნას.
ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს.
„რეფორმის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას კანონით დაევალა, რომ განეხორციელებინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. თუმცა კანონპროექტის მიხედვით, საჭიროება მოითხოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში შეიქმნას და განვითარდეს ცვალებად გარემოსთან შესაბამისობაში მყოფი, უსაფრთხოების სისტემისთვის მაღალკვალიფიციური პერსონალის უწყვეტად მომზადება/გადამზადების განმახორციელებელი სპეციალური მომზადების ცენტრი“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ამასთან, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად 2019 წლის 1-ლი ივლისია განსაზღვრული. რაც შეეხება ფინანსურ ვალდებულებას, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ერთჯერადი ხარჯის გაღება არ იქნება საჭირო, თუმცა ცენტრის ფუნქციონირებისთვის ყოველწლიურად 235 000 ლარი იქნება საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი მომსახურის გადამზადება საშუალოდ 600 ლარამდე დაჯდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტრუქტურული ერთეულის სპეციალური მომზადების ცენტრის ფუნქციონირებისთვის 2019-2022 წლებში ყოველწლიურად გათვალისწინებულია 190 000 ლარი. ცენტრი 22 სხვადასხვა კურსის ფარგლებში ყოველწლიურად ამზადებს 280-300 მოსამსახურეს (ერთი მოსამსახურის გადამზადება საშუალოდ 630 ლარი). საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცენტრის შესაქმნელად ერთჯერადი ხარჯის გაღება არ იქნება საჭირო, ვინაიდან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არსებობს.
ცენტრის ფუნქციონირებისთვის ყოველწლიურად საჭირო იქნება 235 000 ლარი, რომელიც დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში 20 01 პროგრამული კოდიდან. საშუალოვადიან პერიოდში (2020-2022 წლებში) იგეგმება უსაფრთხოების სამსახურის სპეციფიკაზე მორგებული სასწავლო კურსების დამატება და ცენტრის მიერ ყოველწლიურად 400 მოსამსახურის გადამზადება (ერთი მოსამსახურის გადამზადება საშუალოდ 588 ლარი)“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.