„ახალციხის ციხემ“ დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნად აქციას „ჩვენი მწვანე ინიციატივა“ უმასპინძლა.
ინიციატივის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „ახალციხის ციხეს,“ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და იმ სკოლის დირექტორებს შორის, რომლებიც ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელ „CENN”-თან აქტიურად თანამშრომლობენ.
აღნიშნული მემორანდუმით, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრი და „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაცია თანხმდებიან დაწესებულებებს შორის კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერების აუცილებლობაზე, გარემოსდაცვითი მწვანე ინიციატივების, გარემოსდაცვითი განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მდგრადი ტურიზმისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სკოლების საბუნებისმეტყველო მეცნიერების პედაგოგები, მოსწავლეები და ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ კაპანაძე, რომელიც ასევე „CENN”-ის რეგიონული კოორდინატორია სამცხე-ჯავახეთში.
შეხვედრაზე, რომელიც საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობდა დაისახა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, უახლოეს დღეებში ასევე შეიქმნება ინიციატივების გაზიარებისათვის ელექტრონული პლათფორმა. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებისათვის ასევე მოეწყო საინფორმაციო ტური ციხის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მსოფლიოში „დედამიწის საერთაშორისო დღე“ აღინიშნება. ინიციატივა 1969 წელს წამოიჭრა სან ფრანცისკოში, იუნესკოს კონფერენციაზე. 1970 წლიდან კი მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად მილიონობით მოხალისე ერთვება.
იხილეთ ფოტოები