„​ნარატიული ჩარჩოს გამოყენება დაწყებით საფეხურზე“ - გაეცანით საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგის ნატო შეროზიას სტატიას
23-04-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები აქტიურად წერენ სხვადასხვა სახის სტატიებს. ამჯერად etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ პედაგოგ ნატო შეროზიას სტატიას:

ნარატიული ჩარჩოს გამოყენება დაწყებით საფეხურზე

შეჯამების ჩარჩო წარმოადგენს შეკითხვების სერიას, რომელსაც მასწავლებელი მოსწავლეებს წარმოუდგენს. ეს შეკითხვები ისეა შედგენილი, რომ მოსწავლეებს ეხმარება, ყურადღება მიაპყრონ კონკრეტულ ინფორმაციას. სულ ცნობილია შეჯამების ჩარჩოს ექვსი ტიპი. ესენია:

1. ნარატიული ჩარჩო

2. თემა-შეზღუდვა-ილუსტრირების ჩარჩო

3. განმარტებითი ჩარჩო

4. არგუმენტაციის ჩარჩო

5. პრობლემის აღმოფხვრაზე ორიენტირებული ჩარჩო

6. საუბრის ჩარჩო

თითოეული ჩარჩო ეხება სხვადასხვა ტიპის ტექსტის არსებით სტრუქტურას.

მე წარმოგიდგენთ ნარატიულ ჩარჩოს. მხატვრული ტექსტის ანალიზი წარმოადგენს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას.

როგორ ავამაღლოთ მოსწავლეებში მხატვრული ტექსტის ანალიზის უნარი? ამაში დაგვეხმარება ნარატიული, ანუ მოთხრობის ჩარჩოს (დიაგრამის) გამოყენება, რომელიც მხატვრული ნაწარმოებების შესწავლისას არის შესაძლებელი და მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

1. პერსონაჟები: ნაწარმოების მთავარი პერსონაჟების მახასიათებლები

2. გარემო: დრო, ადგილი და კონტექსტი, რომელშიც მოქმედება ხდება

3. მოქმედების ინიცირება: მოვლენა, რომელიც იწყებს ნაწარმოებში განვითარებულ სიუჟეტს

4. შიდა პასუხი: როგორი ემოციური რეაქცია აქვთ მთავარ პერსონაჟებს მოვლენაზე, რომელიც ნაწარმოებში განვითარებულ სიუჟეტს იწყებს

5. მიზანი: რის გაკეთებას გადაწყვეტენ მთავარი პერსონაჟები ნაწარმოების სიუჟეტის ინიცირების მოვლენის შემდეგ (მიზანი ,რომელსაც პერსონაჟები დაისახავენ)

6. შედეგი: როგორ ცდილობენ მთავარი პერსონაჟები მიზნის მიღწევას

7. გადაწყვეტა: რა მოსდის მთავარი პერსონაჟების მიერ დასახულ მიზანს

ნარატიული ჩარჩოს დიაგრამას ხშირად ვიყენებ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებთან სხვადასხვა მოთხრობების, ზღაპრებისა თუ იგავ-არაკების შესწავლისას, როგორიცაა: ი.ჭავჭავაძის ,,მოძღვარი“, რ.ინანიშვილის ,,შეაშაზე“, რ.ჭეიშვილის ,,სურათებიანი წიგნი“, მ.მაჭავარიანის ,,ვახტანგმა წყალი ისურვა“, ,,ცოტნე დადიანის თავგანწირვა“, სულხან-საბა ორბელიანის ,,მოხერხებული არაბი“და სხვა.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ გაკვეთილს, სადაც გამოვიყენე ჩარჩოს დიაგარამა, რომ მოსწავლეებისთვის ტექსტის გაანალიზებისა და შეჯამების უნარები განმევითარებინა.

გაკვეთილის თემა იყო: მ.მაჭავარიანის ლექსი: ,,ვახტანგმა წყალი ისურვა“

პირველად მოსწავლეებს გავაცანი ჩარჩოს კითხვები და ვთხოვე ყურადღებით მოესმინათ ტექსტი, რომ კითხვებზე სწორი პასუხები გაეცათ. ლექსის  წაკითხვის შემდეგ დავსვი კითხვები. წარმოგიდგენთ კითხვებსა და პასუხებს, რომელიც ნარატიული ჩარჩოს გამოყენებისას  დავუსვი ჩემს მოსწავლეებს.

1. ვინ არის მთავარი პერსონაჟი და რა განასხვავებს მას სხვებისგან?

პასუხი: მეფე ვახტანგი.ის სხვებისგან იმით განსხვავდება,რომ მეფეა.

2. სად და და როდის ხდება ნაწარმოებში განვითარებული მოქმედება?

პასუხი: მცხეთის მახლობლად,მე-5 საუკუნეში,როცა სატახტო ქალაქი მცხეთა იყო.

3. რითი იწყება მოქმედება ნაწარმოებში?

პასუხი: ნადირობისას მეფე ვახტანგს წყალი მოსწყურდა.

4. როგორ გამოხატეს პერსონაჟებმა თავიანთი გრძნობები?

პასუხი: მეფისთვის წყლის მოსატანად წასული ვეზირი,მეფე  და სხვა მხლებლები გაოცებულები არიან ცხელი წყლის აღმოჩენით.

5. რისი გაკეთება გადაწყვიტეს მთავარმა პერსონაჟებმადაისხეს მიზანი? თუ მიზანი დაისახეს, რაში მდგომარეობს ის?

პასუხი: მეფემ ამ ადგილას ქალაქის აშენება ბრძანა.

6. როგორ ცდილობდნენ მთავარი პერსონაჟები, მიეღწიათ თავიანთი მიზნ(ებ)ისათვის?

პასუხი: ხალხმა თბილისს მოაშურა: ,,ქვამ ქვა იგრძნო, ძელმა-ძელი“.

7. რა შედეგები მოიტანა მთავარი პერსონაჟების მცდელობამ? 

პასუხი: ,,ჩაიყარა საძირკველი,დაიბადა თბილისელი“.

გაკვეთილის ბოლოს ჩემმა მოსწავლეებმა ნარატიული ჩარჩოს შეკითხვების პასუხების მიხედვით ჩამოაყალიბეს შემაჯამებელი აბზაცი:

საქართველოს ისტორიის თანახმად,მეფე ვახტანგ გორგასალი ერთხელ სანადიროდ წავიდა მცხეთის სიახლოვეს. მეფისთვის წყლის მოსატანად წასულმა ვეზირმა შემთხვევით ცხელი წყალი აღმოაჩინა. ყველა გაოცებული და შეშინებული იყო. მეფემ იმ ადგილას ქალაქის გაშენება ბრძანა. მახლობელი სოფლებიდან ხალხი იმ ადგილს მოაწყდა, სადაც ქალაქის მშენებლობა მიმდინარეობდა. საძირკველი ჩაიყარა და ცოტა ხანში პირველი თბილისელიც დაიბადა.

ნარატიული ჩარჩო მოსწავლეებს ეხმარება ყურადღების კონცენტრაციაში, მოთხრობიდან თუ ლექსიდან მთავარი და ძირითადი ელემენტების გამოყოფაში. ბოლოს მოსწავლეები აჯამებენ პასუხების დახმარებით და თითქოს ძნელი და გაუგებარი ტექსტი მარტივი და გასაგები ხდება  მათთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203