მერიის მიერ დაფინანსებული პროექტი „ისწავლე და დასაქმდი“ წელსაც განხორციელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა.
როგორც კალაძემ განმარტა, პროექტი „ისწავლე და დასაქმდი“ შარშან განხორციელდა და 1000 სტუდენტიდან 80% დასაქმდა.
„ქვეყანაში და ასევე თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის დასაქმება და სამუშაო ადგილები. შესაბამისად, ჩვენ შარშან დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რასაც დიდი წარმატება მოჰყვა. ეს არის ხელშეწყობა ახალგაზრდების მიმართ პროფესიული გადამზადების თვალსაზრისით, რადგან ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ რაზეა მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან, რა პროფესიებს ითხოვს ბიზნესი ყველაზე მეტად და სად სჭირდება პროფესიონალი, გადამზადებული, კვალიფიციური ადამიანები. შესაბამისად პროექტი, რომელსაც ჰქვია „ისწავლე და დასაქმდი“ შარშან განვახორციელეთ პირველად და წელსაც ვიწყებთ, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, მოვახდინოთ მათი გადამზადება და შემდეგ მივცეთ შესაძლებლობა დასაქმდნენ. 3 თვის განმავლობაში მოხდება გადამზადება“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამაში რეგისტრაციის გავლა 24 აპრილიდან დაიწყო და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ხოლო რეგისტრაციაში მონაწილეობა 18 წლიდან ზევით ახალგაზრდებისთვის არის შესაძლებელი.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციისა და პროფესიული მიმართულებები ნახვა შეუძლიათ ბმულზე.