კერძო სკოლა „ანაბასისში“ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი სიმულაციური მეთოდის გამოყენებით ჩატარდა
24-04-2019

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე- 5ა კლასში (პედაგოგი ელისო ბერაძე) ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი სიმულაციური მეთოდის გამოყენებით ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის გახალისებისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.

ბავშვებმა ხალისით მოირგეს მოსამართლის, პროკურორის, ბრალდებულის (მონადირე), ბრალმდებლის (შვლის ნუკრი), ადვოკატების, ჟურნალისტების, მოწმეების, ბადრაგების როლები. მათ საშუალება მიეცათ, გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ცხოველთა დაცვის, ადამიანთა სისასტიკის, მიმტევებლობის მიმართ, გულწრფელად გამოხატეს თავიანთი ემოციები.

მონაწილეებმა შეასრულეს თავიანთი როლები წინასწარ შემუშავებული ინსტრუქციების შესაბამისად. კლასის თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

როლური თამაშის შემდეგ მოსწავლეებმა დაასრულეს მოქმედება, გამოვიდნენ როლიდან, გამოთქვეს მოსაზრებები, თუ რა შეიძინეს, რა ისწავლეს, რა იყო პოზიტიური თუ ნეგატიური მუშაობის პროცესში.

ბოლოს მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთად შეაფასეს მუშაობის შედეგები და გამოთქვეს სურვილი, კვლავაც მიმართონ სიმულაციურ მეთოდს, როგორც თვითრეფლექსიის, კომუნიკაციური, ემპათიისა და ტოლერანტობის უნარების განვითარების ეფექტურ საშუალებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203