თბილისის N103 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, წიგნის პოპულარიზაციისა და აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბების მიზნით, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგი მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა და არასტანდარტულ გარემოში ელექტრონული წიგნები წააკითხა და წიგნიერების შესახებ კითხვარი შეავსებინა.
ასევე ემოციებით დატვირთული მოსწავლეები სიხარულით შეუერთდნენ გიორგი კეკელიძის ინივიატივას, 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედაც გამოცხადდეს და ერთმანეთს საჩუქრად წიგნები გადასცეს. პროექტის ფარგლებში მეოთხეკლასელები ესტუმრნენ ეროვნულ ბიბლიოთეკას, დაათვალიერეს წიგნის მუზეუმი და მოაწყეს ხელნაკეთი წიგნების პრეზენტაცია. კლასის ხელმძღვანელმა პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის მოსწავლეები სიმბოლურად სიგელებით დააჯილდოვა.
შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა ფურცლებზე გადაიტანეს და მოაწყეს პრეზენტაცია-გამოფენა.
„იმედია, ეს დღე სასიამოვნო მოგონებად დარჩებათ პატარებს და იქნება საფუძველი მათი აქტიურ მკითხველებად ჩამოსაყალიბებლად“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იუნესკოს გადაწყვეტილებით 1996 წლის 23 აპრილიდან წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე ოფიციალურად აღინიშნება. 2003 წელს კი საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღე აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები