ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობისთვის ტერიტორია გამოიყო. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, საუნივერსიტეტო კომპლექსი თამარის დასახლებაში აშენდება.
„პრემიერის ინიციატივისა და დავალების შესაბამისად, უკვე გამოიძებნა მიწის ნაკვეთი ბათუმში, სადაც მოხდება განათლების ქალაქის მშენებლობა. ეს იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. იქნება როგორც კომაროვის სკოლა, ასევე რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებული სწავლება, საერთო საცხოვრებელი და ლაბორატორიები.
დარწმუნებული ვარ, იმ რესურსით, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს და იმ ახალგაზრდებით, რომლებიც დღეს ჩვენს გვყავს, თანამედროვე ინფრასტრუქტურით და თანამედროვე სწავლების მეთოდებით შევძლებთ, შევქმნათ ადამიანური კაპიტალი, რომელიც ამ ქვეყანას ამოიყვანს სიღარიბიდან და დაძლევს ყველა იმ პრობლემას, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი დგას.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან მალე უნდა მოვახერხოთ ამ პროექტის დაწყება და ეს პროექტი უნდა განხორციელდეს როგორც ერთ-ერთი სამაგალითო, საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი. ჩვენ პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა იმ საინვესტიციო პირობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის და ბათუმს ძალიან მალე ექნება საერთაშორისო დონის და მნიშვნელობის კერძო უნივერსიტეტი”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის განათლების მინისტრის ინგა შამილიშვილის განცხადებით, საგანმანათლებლო ქალაქის მშენებლობას სავარაუდოდ 3 წელი დასჭირდება. მისი თქმით, ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე კავკასიის უნივერსიტეტიც აშენდება, რომელიც იქნება სრული სასწავლო და საცხოვრებელი კომპლექსი.