არასრულწლოვანთა დანაშაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასრულწლოვნებში კრიმინალის ზრდის პრობლემა არსებობს.
„არასრულწლოვნების კრიმინალის ზრდის პრობლემა არსებობს. ამას მრავალი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, როცა მე, შინაგან საქმეთა მინისტრს მიწევს არასრულწლოვნების დანაშაულზე საუბარი, რადგანაც ვთვლი, რომ სკოლაში პოლიციას არაფერი არ ესაქმება და 14 წლამდე ბავშვებთან საერთოდ პოლიციას არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს.
ქვეყანაში არ არსებობს აწყობილი რეფერირების სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნების კარგი კოდექსი მივიღეთ, რომელიც აბსოლუტურად ლიბერალურია და ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, ამის შედეგად მივიღეთ საკმაოდ გართულებული კრიმინოგენული ვითარება.
ჩვენ გვაქვს საკმაოდ მცირე დრო, დაახლოებით ერთი წელი, როდესაც ყველა უწყებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა დაიწყოს მოქმედება, პარლამენტთან ერთად და ვიცი, რომ იუსტიციის სამინისტრო ამაზე მუშაობს. სასწრაფოდ დასალაგებელია რეფერირების სისტემა და ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ ვისაუბროთ შედეგებზე“, - განაცხადა გახარიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქურდობის საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ამ სეგმენტზე მოდის, კანონის გამკაცრებას პერსპექტივა არ ექნება გრძელვადიანი თვალსაზრისით.
„როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრს ეკითხებიან არასრულწლოვანთა დანაშაულზე და ყველამ ვიცით, რომ ქურდობის ზრდის სერიოზული ნაწილი მოდის ამ სეგმენტზე, ჩემი მხარიდან ასეთი განცხადებები არაერთგვაროვნად შეიძლება იყოს გაგებული თუნდაც პოლიციელების მხრიდან. ჩვენ ვართ უწყება, რომელიც პასუხს აგებს დანაშაულის აღკვეთაზე და ყველაზე მარტივი პასუხი იქნებოდა, რომ გავამკაცროთ კანონი, თუმცა გვესმის, რომ ასაკის ჩამოწევას არანაირი პერსპექტივა არ ექნება გრძელვადიანი თვალსაზრისით. ამიტომ რეფერირების სისტემა უწყებების ეფექტური ჩართულობა და მხოლოდ ამის შემდგომ იქნება შედეგი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.