საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული დიპლომები და მინიჭებული კვალიფიკაციები ევროპაში იქნება აღიარებული.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაწევრიანებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება“ განაცხადა, ENQA-ში გაწევრიანება ისტორიული მოვლენაა ჩვენი განათლების სისტემისთვის, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობასაც ნიშნავს.
„რამდენიმე დღის წინ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გაწევრიანდება „ენკაში“ (ENQA). ეს არის უდიდესი წარმატება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი განათლების სისტემისთვის. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, როდესაც შენს ქვეყანაში გაცემული დიპლომი ითვლება, რომ ის არის ვალიდური და შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ. მომავალ თვეებში ინტენსიური მუშაობა გვექნება უნივერსიტეტებთან, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომელიც არის ისტორიული მოვლენა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი უნივერსიტეტები შეძლებენ მეტ დაახლოებას. იქნება მაქსიმალური მობილურობა ქართველ სტუდენტებისა და პროფესორების ევროპაში მუშაობის თვალსაზრისით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
იხილეთ ასევე: საქართველოში გაცემული დიპლომები და მინიჭებული კვალიფიკაციები ევროპაში იქნება აღიარებული