ფოთში საზღვაო აკადემია გაიხსნება
05-05-2019

ფოთში საზღვაო აკადემია გაიხსნება. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა განაცხადა, ფოთში საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა აუცილებელი და დროული ნაბიჯია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსების შესახებ.

„საქართველოში საზღვაო განათლებას თითქმის 140 წლის წინ სწორედ ფოთში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი საზღვაო ინდუსტრიის განვითარების ტემპისა და პერსპექტივების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო სწავლების ტრადიციის აღდგენა და საზღვაო პროფესიების პოპულარიზაცია ამ რეგიონში. ორი უმნიშვნელოვანესი ნავსადგური სწორედ სამეგრელოს ტერიტორიაზეა განლაგებული: ფოთი და ანაკლია. ფოთში საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა აუცილებელი და დროული ნაბიჯია იმისათვის, რომ ახლო მომავალში არ შეიქმნას მუშა-ხელის დეფიციტი და შევძლოთ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელსაც საზღვაო ინდუსტრიაში განხორციელებული პროექტების შედეგად მივიღებთ,“ – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გამოყოფს ფილიალის ფუნქციონირებისა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოსაწყობად საჭირო ფართს. თავის მხრივ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის მიერ ფილიალის დაარსების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას და სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვას.

მათივე თქმით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში საზღვაო განათლების პოპულარიზაციას და კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებას. პირველ ეტაპზე დაგეგმილია მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და საწვრთნელი კურსები, თუმცა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში განიხილება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დამატებაც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203