2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულ აბიტურიენტს საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება.
მაგ.: თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ფიზიკა, მაგრამ გადაწყვიტა ისტორიის ჩაბარება, ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც საგნის, ასევე საგამოცდო ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარების გამოცდა ქართულად შეიძლება მან ჩაანაცვლოს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად, ან სომხურად და ა. შ.).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (7 მაისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება.
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა 12 000-მდეა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი 4 600-მდე.
იხილეთ ასევე: 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება - naec.ge-ს განცხადება