„გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, დავიწყოთ იმ პრობლემების გადალახვაზე საუბარი, რომელიც თითოეულ სკოლაშია“ - მიხეილ ბატიაშვილი
10-05-2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, 2022 წლისთვის ბიუჯეტის მეოთხედი განათლების მიმართულებით დაიხარჯება, გაზრდილი ბიუჯეტი კი სკოლებში არსებული პრობლემების გადალახვაზე საუბრის დაწყების შესაძლებლობა იქნება.
ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა სემინარზე „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც ძალიან მალე განხორციელდება და შეეხება ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას, როგორიც არის სკოლების ინფრასტრუქტურის განახლება და პედაგოგების პირობების გაუმჯობესება. 2022 წლისთვის ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი დაიხარჯება განათლების მიმართულებით, რომელიც გარდამტეხი იქნება საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან მალე დავიწყოთ ყველა იმ პრობლემის გადალახვაზე საუბარი, რომელიც არის თითოეულ სკოლაში, თითოეულ პედაგოგთან, თითოეულ კლასში“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.