თბილისის N122 საჯარო სკოლაში III კლასის დამრიგებელმა ერთ-ერთი მოსწავლის 62 წლის ბებიას კლასი იმის გამო მოაწმენდინა, რომ მის შვილიშვილს, მელანი დაეღვარა. როგორც სკოლის დირექტორი მედეა ქოქრაშვილი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მსგავსი ქმედება მიუღებელია სკოლისთვის. დირექტორის თქმითვე, მასწავლებლის ქმედებას დისციპლინარული კომიტეტი განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს.
„მასწავლებლის ქმედებას შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომასთან დაკავშირებით დისციპლინარული კომიტეტი განიხილავს. შინაგანაწესის მიხედვით, განიხილება ეს საკითხი და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს კომიტეტი. აღნიშნულისთვის 3 კვირა აქვს დისციპლინარულ კომიტეტს და მათი დასკვნის შემდეგ მეც შესაბამისად მოვიქცევი.
მსგავსი ქმედება სკოლის პოზიციასთან შესაბამისობაში არ არის. სკოლას ჰყავს დამლაგებლები, რომლებიც დილის 9-ის ნახევრიდან 6 საათამდე მუშაობენ. მათ ხელშეკრულებაშიც უწერია, რომ შესვენების შემდგომ უნდა შევიდნენ საპირფარეშოში და მოაწესრიგონ ტერიტორია. პარალელურად საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ საკლასო ოთახები უნდა დაალაგონ. შესაბამისად, მასწავლებლის ქმედება ჩვენთვის მიუღებელია.
მასწავლებელს გავესაუბრე და მას აქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკითხი დისციპლინარულ კომიტეტს გადაეცა. რა გადაწყვეტილება შეიძლება გამოიტანოს კომიტეტმა წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა ყველა გადაცდომაზე სკოლის შინაგანაწესში შესაბამისი სასჯელია. ამაზე უნდა იმუშაოს დისციპლინარულმა კომიტეტმა, გამოიკითხება მასწავლებელიც, მშობელიც და გადაწყვეტილება შემდგომ მოხდება“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
მედეა ქოქრაშვილის თქმით, მას მოსწავლის მშობელთან კონტაქტი არ ჰქონია.
„ნებისმიერ ფაქტზე ჩემი კარი ყოველთვის ღიაა მოსწავლისთვისაც და მშობლისთვისაც. მე ვიცი, რომ მშობელი არის დამკვეთი და ბავშვი სკოლაში ყოფნით კმაყოფილი უნდა იყოს. შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს ბავშვის კეთილგანწყობილ გარემოში ყოფნა. აღნიშნულ ფაქტზე მშობელს ჩემთვის არ მოუმართვას და ამის შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე, თუმცა კარგი იქნებოდა მშობელი პირველ რიგში ჩემთან მოსულიყო.
სკოლას ისე ვამუშავებთ, რომ ყველამ თავისი ფუნქციის შესაბამისად იმუშავოს. ამასთან, ძალიან დიდი აქცენტი მაქვს იმაზე, რომ მშობელთა ჩართულობა დიდი იყოს სკოლის მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა მას, ვინც ეს ამბავი დაწერა სოციალურ ქსელში, რადგან შესაძლოა ეს ყველაფერი მიჩუმათებულიყო, არაფერი მომხდარიყო და მე საქმის კურსში არ ვყოფილიყავი. კარგია, რომ გავიგე ეს ყველაფერი, საქმის კურსში ჩავდექი და შესაბამის ზომებსაც მივიღებ“, - განაცხადა მედეა ქოქრაშვილი.
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლის ბებიას, რომელსაც დამრიგებელმა დაღვრილი მელანი მოაწმენდინა, აღნიშნული ფაქტის შემდგომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
etaloni.ge სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის N122 სკოლაში ახლობლის შვილს, რომელიც III კლასშია, კალმიდან მელანი გადმოეღვარა და კლასი მოისვარა. როდესაც ბებომ მიაკითხა, რომელიც 62 წლის გახლავთ, ასევე წნევიანი ქალბატონი, მასწავლებელმა განუცხადა, რომ ამას ვერავის მოაწმენდინებდა და თავად უნდა აეწმინდა კლასში დაღვრილი მელანი. არც კი შერცხვა დამრიგებელს, ისე მოატანინა სახეხი საშუალებები, დააყენა ამ ხნის ქალი 4 ფეხზე და ახეხინა იატაკი. ეს ქალბატონი მას მერე 2 დღე წნევიანი იწვა. დამრიგებელის სახელი და გვარი - მერი გვასალიაა“.