მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურის გამოცდაზე რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასავლელად ორმაგი რეგისტრაციის გავლა აღარ უწევთ. ცვლილების მიხედვით, ისინი რეგისტრაციას მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაივლიან.
„დღეს დაიწყო მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია. პროცედურა საკმაოდ გამარტივებულია. რეგისტრაცია ხდება მხოლოდ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. მასწავლებლებს ახსოვთ, რომ მანამდე იყო ორმაგი რეგისტრაცია. ერთი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და მეორე - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ახლა მხოლოდ ერთ ცენტრშია რეგისტრაცია და საკმაოდ გამარტივებულია ეს პროცედურა.
რაც შეეხება თავად გამოცდებს, განსაკუთრებული ცვლილება აქ არ არის. იგივე ფორმატი და დიზაინის ტესტებია, როგორიც წინა წლებში იყო. დეტალური ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული და დამატებითი კითხვების შემთხვევაში პედაგოგებს შეუძლიათ ჩვენ მოგვმართონ.
ცვლილებები არ არის ბარიერის თვალსაზრისითაც. მოგეხსენებათ საუბარია მინიმალური კომპეტენციის დადასტურებაზე. 1, 4 და 7 კრედიტი, როგორც წინა წელს იყო წელსაც შესაბამისი ქულების მიღების შემთხვევაში მათ ამ კრედიტების დაგროვება შეუძლიათ“,- განაცხადა სოფო გორგოძემ.
იხილეთ ასევე: მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად დაიწყო