როგორ აფასებენ სკოლის დირექტორები და პედაგოგები საპენსიო ასაკის მასწავლებლების შესახებ ახალ ინიციატივას
14-05-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

etaloni.ge სხვადსხვა რეგიონის პედაგოგებისა და დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ, თუ რას ფიქრობენ ისინი აღნიშნულ სიახლეზე:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი მაკა პაპავა:

„საინტერესო და მისაღები ინიციატივაა. აქ ჩანს ასაკოვანი პედაგოგის დაფასება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასაკოვანი პედაგოგი თავად გადაწყვეტს ამ ფორმით გავა თუ არა მასწავლებლის პროფესიიდან. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მისაღები სიახლეა“.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის არგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა გორდეზიანი:

„ჩემი გადმოსახედიდან. მისაღები ვარიანტია, თუმცა. თავად პედაგოგები რა აზრზე არიან ამ სიახლეებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ ვიცი. ეს მათი გადასაწყვეტია. დირექციის მხრიდან კი ვფიქრობ, საკმაოდ კარგი ინიციატივაა“.

თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად გიანაშვილი:

„მშვენიერი ინოვაციაა. პედაგოგები დაცულად გრძნობენ თავს სახელმწიფოს მხრიდან, რაც მისასალმებელია, რადგან ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა. რაც შეეხება პედაგოგების პოზიციას, მათთან ამ საკითხზე საუბარი ჯერ არ მქონია და მათი პოზიციის შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა, ამ ინიციატივას მეც და სკოლაში პედაგოგიური საბჭოც მიესალმება“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელი ცირა დავითაძე:

„მოვისმინე ამ სიახლეების შესახებ, თავადაც საპენსიო ასაკის ვარ. პრაქტიკოს პედაგოგებთან დაკავშირებით გაჟღერებული სიახლეები დიდად არ მომეწონა. სკოლის მენეჯერი ვარ და ამასთან ინფორმატიკის გაკვეთილებს ვატარებ. ამ ეტაპზე პრაქტიკოსი მასწავლებელი ვარ, ვინაიდან ჩვენს სკოლაში ძველი ინფორმატიკის მასწავლებელი წავიდა და მის მაგივრად ვარ, გამოცდა არ ჩამიბარებია აქამდე, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩავაბარო“.

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა:

„ნამდვილად მისასალმებელი ინიციატივაა, აქ ჩანს ასაკოვანი პედაგოგების დაფასება და პატივისცემა. მეორეს მხრივ, სკოლის დირექტორებისა და ამ ადმინისტრაციისთვის ეს არის იმის საშუალება, რომ მათ სკოლაში ახალგაზრდა კადრები შემოუშვან. საპენსიო ასაკის პედაგოგები, რომლებიც კვალიფიკაციას აღარ იმაღლებენ და წლების განმავლობაში სქემის კუთხით აქტივობებს არ ატარებენ, აღნიშნული ინიციატივა, რომ 2 წლის ხელფასი გადაუხადონ, მათი სკოლიდან გასვლისთვის ძალიან კარგია. თუმცა მასწავლებელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო სიახლეებში, ასაკის მიუხედავად, მისი ადგილი სკოლაში ყოველთვის იქნება“.

წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი:

„მე გავეცანი ამ ინიციატივას და გეტყვით, რომ ეს ცოტა ნოვაციური და მოულოდნელი იყო ჩემთვის. კი მომწონს ეს ინიციატივა, საკმაოდ ორიგინალური და არასტანდარტული იყო. აქ თანხაზეც არ არის საუბარი, ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, კიდევ ერთხელ გადახედოს თავის სტაგნაციას. დღეს რომ კიდევ პრაქტიკოსია ვიღაც, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოიკოჭლებს პროფესიულ ზრდაში.  ახლანდელი განათლების სისტემა არ გპატიობს თუ იმ სიახლეებსა და ინიციატივებში არ აჰყვები, რომელსაც ის გვთავაზობს. ეს ჯილდოც ძალიან კარგია, რადგან ზოგიერთი მართლაც ხელფასის გამო იყო სკოლაში. რამდენად დათანხმდებიან ამას პედაგოგები, არ ვიცი, ალბათ, დათანხმდებიან. მე არ გამიგია ჩემი მასწავლებლების პოზიცია, რადგან გუშინ გაჟღერდა ეს სიახლე და უახლოეს პერიოდში ვაპირებ თათბირს, სადაც პირდაპირ გავიგებ მათ მოსაზრებებს ამ სიახლეებთან დაკავშირებით“.

გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლუბა დიდებელი:

„თავადაც პენსიონერი ვარ, მაგრამ უფროსი პედაგოგი ვარ და ამასთან, ძალიან აქტიურად ვარ ჩართული, როგორც სქემაში ისე სასკოლო ცხოვრებაში . იმ კუთხით, რომელიც გუშინ გაჟღერდა სამინისტროში, მისასალმებელია. ერთ-ერთმა პედაგოგმა ისიც კი მითხრა, რომ ძალიან მოეწონა ეს სიახლე, რადგან მცირე საათების ქონას და მინიმალურ ხელფასს, სახლში წასვლა ურჩევნია. მე, მაგალითად, ძალიან მიზანშეწონილად მიმაჩნია ასეთი მიდგომა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა კადრია, რომლებსაც სურთ სკოლაში მუშაობის დაწყება. ასე რომ მე მივესალმები ამ სიახლეებს“.

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი სალომე სარალიძე:

რა თქმა უნდა, მისაღებია. ეს არაჩვეულებრივი ფორმაა. ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო პენსიონერი პედაგოგების გარკვეული ფორმით სკოლიდან გასვლა. რა თქმა უნდა, სკოლაში ყველა ასაკის პედაგოგი არის და მუდმივად იქნება, როგორც ასაკოვანი, ისე ახალგაზრდა და საშუალო ასაკის და ეს სკოლისთვის საჭიროა, მაგრამ ხშირად ეკონომიკური ფაქტორების გამო პედაგოგები სამსახურს ვერ ტოვებენ და ეს არაჩვეულებრივი შემოთავაზებაა, რომელსაც დადებითად ვაფასებ. კონკრეტული საუბარი არ მქონია პედაგოგებთან, თუმცა რამდენიმე მათგანთან მქონდა საუბარი და მათაც დადებითი პოზიცია ჰქონდათ, მათ შორის ორი ხანდაზმული იყო და მათაც კარგი განწყობა ჰქონდათ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203