მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველოს“ ოპოზიციონერი დეპუტატი სერგო რატიანი არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ავრცელებს, რას სისტემის დისკრედიტაციას ემსახურება.
მანანა რატიანი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ კომპლექსური რეფორმა, რაც სისტემაში ტარდება პიროვნებაზე და თითოეული კატეგორიის მასწავლებელზეა ორიენტირებული:
„ყოველთვის მაინტერესებდა, რამდენად შეიძლება იმსჯელო იმ საკითხებზე, რაზეც სრულფასოვანი ინფორმაცია არ გაქვს, თან სტატისტიკა რომ ყველაფერ ამაზე საწინააღმდეგოს გეუბნებოდეს. საშუალოდ 75% უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი სრულ დანამატს იღებს. კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივი თანხმობა გვქონოდა ასეთ ფუნდამენტურ საკითხებში, რომელიც რეალურად ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს. ეს ცვლილებები პიროვნებაზე ორიენტირებულია, თითოეული კატეგორიის მასწავლებელზე ბევრი ვიფიქრეთ და ვიკამათეთ, რაც შეიძლება მეტს მიეღო ამ ცვლილებებით გაუმჯობესებული სამუშაო პირობები, გაუმჯობესებულიყო მასწავლებლების კეთილდღეობა“ - აცხადებს მანანა რატიანი.
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის თქმით, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაშიც 57 527 პედაგოგიდან დაანონსებული ხელფასების ზრდა 5 869 მასწავლებელს შეეხება, საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ს.
„მიმდინარე წლის 7 მაისს კომიტეტზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაშიც კი, 57 527 პედაგოგიდან დაანონსებული ხელფასების ზრდა 5 869 მასწავლებელს შეეხება, საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ს.
სტატუსის მქონე პედაგოგების ანაზღაურების მოქმედი წესი წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან უსამართლო ქმედებას, რითაც, ფაქტობრივად, სტატუსიან პედაგოგებს სახელმწიფო ართმევს კუთვნილი ხელფასის დანამატს. პრობლემის მოგვარება დამოკიდებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებაზე, თუმცა წლებია ხელისუფლება უყურადღებოდ ტოვებს საკითხს, რომელიც 26 000-მდე პედაგოგისთვის აღადგენს სამართლიანობას - მიეცეთ კუთვნილი ანაზღაურება.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ მასწავლებელთა სახელფასო მატება, თუკი ასეთი საერთოდ განხორციელდა: კვლავ არ გულისხმობს კვალიფიციური პედაგოგების 77%-ისთვის კუთვნილი სახელფასო დანამატის გაცემას ან/და სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი თანხების არარსებობის გამო, რეფორმის ფარგლებში დაანონსებული ხელფასის მატება ფორმალური ხასიათის იქნება, რაც გავლენას ვერ მოახდენს პედაგოგთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ნეგატიურად აისახება როგორც პროფესიული განვითარების მოტივაციაზე, ასევე განათლების ხარისხზეც“, - განაცხადა სერგო რატიანმა.